უძრავი ქონება, რომელიც დროს უძლებს – როგორ ცვლის Tbilisi Hills პრემიუმ-საცხოვრებლის სტანდარტს საქართველოში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დროსთან ერთად საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი უფრო მჭიდროდ უკავშირდება საერთაშორისო სივრცეს და დიდ მასშტაბებს იძენს, რაც ადგილობრივი თუ გლობალური მყიდველების მხრიდან გაზრდილ ინტერესში აისახება. დღესდღეობით, პრემიუმ-კლასის უძრავი ქონების შეფასებისას მხოლოდ ხარისხი აღარ არის მთავარი პრიორიტეტი, რადგან ბევრი სხვადასხვა კრიტერიუმი იჩენს თავს. პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი გარემო ფასდება არა მხოლოდ ინტერიერითა და არქიტექტურით, არამედ მის გარშემო არსებული სივრცით, ინფრასტრუქტურათა და იმ დეტალებით, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ახდენს გავლენას.

Tbilisi Hills-ის გენერალური დირექტორის, ანასტასია უდალოვასთვის, ეს ტენდენციები ადასტურებს იმ ხედვის მართებულობას, რომელიც კომპანიამ ათზე მეტი წლის წინ განსაზღვრა.

"ყოველთვის ვცდილობ Tbilisi Hills-ს პროექტი არ ვუწოდო, რადგან ის ცოცხალი საზოგადოებისაგან შემდგარი სივრცეა. როდესაც Tbilisi Hills-ის ხედვას და სტრატეგიას ვაყალიბებდით, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე სწორედ ამ გარდატეხას ველოდით. გვჯეროდა, რომ პრემიუმ კლასის საცხოვრებლის განმარტება საბოლოოდ ნაკლებად დაუკავშირდებოდა თვალისმომჭრელ ინტერიერს და უფრო მეტად იმასთან ასოცირდებოდა, რაც რეალურად ამდიდრებს ყოველდღიურ ცხოვრებას."

სწორედ ასე იქცა კომპლექსის განვითარების მთავარ პრიორიტეტად სუფთა ჰაერი, გამართული ინფრასტრუქტურა, ჯანსაღი სივრცე და გააზრებული ცხოვრების წესი.

"ქალაქი ქალაქში"

ტრადიციული დეველოპმენტი ხშირად მშენებლობით იწყება, საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კი სამომავლო ეტაპია. Tbilisi Hills-მა ეს თანმიმდევრობა შეცვალა და ელექტროენერგიის, წყალმომარაგების, გზებისა და ტექნიკური მომსახურების დაგეგმვა თავიდანვე დაიწყო. Tbilisi Hills-ის კონცეფცია – "ქალაქი ქალაქში" – ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ კომუნალური ავტონომია. აქ მაღალი კლასის რესტორანი, პროფესიონალური გოლფის მოედანი და ვრცელი პარკები მაცხოვრებლებისგან სულ რამდენიმე ნაბიჯშია.

ეს ინტეგრირებული მიდგომა ამცირებს ინფრასტრუქტურული შეფერხებების რისკს და მობინადრეებს მეტ სტაბილურობას სთავაზობს. გარდა ამისა, ხელს უწყობს ქონების გრძელვადიანი ღირებულების შენარჩუნებას და ზრდას. ანასტასია უდალოვას თქმით, აუცილებელია, რომ მყიდველმა იცოდეს არა მხოლოდ ის, თუ რას ყიდულობს დღეს, არამედ ისიც, თუ რად იქცევა მისი საცხოვრებელი გარემო წლების შემდეგ. მკაფიოდ გაწერილი გენერალური გეგმა და გამართული ინფრასტრუქტურა სწორედ ამ სამომავლო საინვესტიციო მომგებიანობას უზრუნველყოფს.

"მჯერა, რომ უძრავი ქონება ღირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დღეს, არამედ წლების შემდეგაც", – განმარტავს ის.

ანასტასია უდალოვა აღნიშნავს, რომ ათწლეულზე მეტი ხნის თანმიმდევრულმა განვითარებამ ეს საძირკველი კიდევ უფრო განამტკიცა, რასაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, სტრატეგიული მდებარეობა და უძრავ ქონებაზე მუდმივი მოთხოვნა.

Tbilisi Hills-ის კონცეფცია და სტრატეგია მჭიდროდ უკავშირდება მაცხოვრებლების მოლოდინებს. გამართული გარემო გამორიცხავს იმ გაურკვევლობას, რომელიც ხშირად ახლავს იმ პროექტებს, სადაც ინფრასტრუქტურის განვითარება მომავლისთვისაა გადადებული. ეს ოჯახებს საშუალებას აძლევს, დასახლება მთლიანობაში შეაფასონ და მხოლოდ ნახაზებსა თუ თეორიულ დაპირებებს არ დაეყრდნონ. ანასტასია უდალოვასთვის ეს გამჭვირვალობა ნდობის ქვაკუთხედია.

ლანდშაფტის დაცვა

Tbilisi Hills-ში ეკოლოგიური მდგრადობა მშენებლობის შეზღუდვით იწყება. 331 ჰექტარზე გაშლილ ტერიტორიაზე მიწის მხოლოდ 10% არის განკუთვნილი განაშენიანებისთვის. დანარჩენი ნაწილი ხელუხლებლად ნარჩუნდება, რაც კარგად გააზრებული გადაწყვეტილება იყო – კომპანიისთვის ეს არის პრინციპი, რომლის ერთგულიც დაარსების დღიდან რჩება.

"ჩემთვის მდგრადობა, სინამდვილეში, მარტივ არჩევანამდე დადის: გადაწყვიტო, რა დატოვო ხელუხლებელი", – ამბობს უდალოვა.

კომპანიის მიზანი იყო, ბუნება ოჯახური ყოველდღიურობის ნაწილად ქცეულიყო და არა შორეულ გარემოდ, სადაც საგანგებოდ გამგზავრებაა საჭირო. Tbilisi Hills-ის გენერალური დირექტორი Entrepreneur-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მობინადრეებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, საშუალება უნდა ჰქონდეთ, სუფთა ჰაერითა და მწვანე გარემოთი საკუთარი სახლის კართანვე ისიამოვნონ.

ამგვარი ხედვისათვის Tbilisi Hills-მა პრესტიჟული ჯილდოებიც მიიღო – ყველაზე ენერგოეფექტური და მწვანე დეველოპმენტისთვის FIABCI 2022-ის ეროვნულ დაჯილდოებაზე Gold Award დაიმსახურა.

"როდესაც აქ, პლატოზე დგახარ, აცნობიერებ, რომ ამ ადგილის პირველადი არქიტექტორი ბუნება იყო, ხოლო ჩვენი, როგორც დეველოპერების ამოცანა, უბრალოდ მის რიტმში ჩაჯდომაა. აქ მცხოვრებლებს შეუძლიათ დატკბნენ ფრინველების გალობითა და სიმშვიდით იმის მიუხედავად, რომ თბილისის ცენტრიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე იმყოფებიან. დასახლებაში უკვე 100-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს და მომდევნო 12 თვის განმავლობაში კიდევ დაახლოებით 100 ოჯახის შემატებაა მოსალოდნელი", – ამბობს Tbilisi Hills-ის გენერალური დირექტორი ანასტასია უდალოვა.

ანასტასია უდალოვას თქმით, ოჯახების მზარდი რაოდენობა, რომლებიც Tbilisi Hills-ში ცხოვრებას ირჩევენ, იმის პრაქტიკული დასტურია, რომ ღია სივრცეების პრიორიტეტულობა და რელიეფის გათვალისწინება სრულად თავსებადია განვითარებულ საცხოვრებელ სივრცეებთან.

კომფორტი ხმაურის გარეშე

პრემიუმ-კლასის ცხოვრება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ მომსახურებებზე, რომლებსაც მცხოვრებლები ხშირად ვერც კი ამჩნევენ. სპეციალური სერვის-გუნდი ინფრასტრუქტურასა და საერთო სარგებლობის ზონებზე შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით ზრუნავს, ხოლო უსაფრთხოების სამსახური 24/7-ზე მუშაობს პატრულირების, კონტროლისა და ჭკვიანი ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მეშვეობით. საცხოვრებელი ქუჩები დაპროექტებულია ისე, რომ ავტომობილების მოძრაობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, რაც ოჯახებს ღია ცის ქვეშ გადაადგილების მეტ თავისუფლებას აძლევს.

"ყველაზე ღირებული გადაწყვეტილებები ხშირად ისეთ დეტალებს უკავშირდება, რომლებზეც მცხოვრებლებს ფიქრიც კი არ უწევთ. როდესაც რამე ყურადღებას მოითხოვს, მობინადრეებმა ზუსტად იციან, ვის დაუკავშირდნენ. ჩვენი კომპანიისთვის მომსახურება მუდმივი ვალდებულებაა და არა დაპირება, რომელიც ქონების გადაცემით სრულდება," – ამბობს უდალოვა.

გოლფის მოედანი და ღირებული საზოგადოებრივი კავშირები

Tbilisi Hills-ში საქართველოს ერთადერთი პროფესიონალური გოლფის მოედანი მდებარეობს. 110 ჰექტარზე გაშლილი სივრცე ხელსაყრელი კლიმატის წყალობით მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს და ევროპის 100 საუკეთესო გოლფის მოედანს შორის არის დასახელებული. ამ აღიარებით კომპლექსი საერთაშორისო პრემიუმ-აუდიტორიის წინაშე შესაბამისი რეპუტაციით სარგებლობს.

მოედანი თითქმის ათი წლის წინ გაიხსნა და მას შემდეგ ამ სივრცეში გამართულმა საერთაშორისო ტურნირებმა საერთო ინტერესებისა და ღირებულებების მქონე ადამიანები გააერთიანა. შედეგად, გოლფის კლუბის შენობა და მოედანი ერთგვარ სოციალურ ჰაბად იქცა, რომელიც მცხოვრებლებსა და სტუმრებს ერთმანეთთან აკავშირებს.

"გოლფის კლუბის ნამდვილი ღირებულება იმ ადამიანურ კავშირსა და კუთვნილების განცდაშია, რომელსაც ის აყალიბებს. გოლფის მოედანი აქ ცხოვრების წინაპირობა არ არის, თუმცა აკადემიისა და სავარჯიშო სივრცეების წყალობით, სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესს ბევრი მცხოვრები დასახლებაში გადმოსვლის შემდეგ აღმოაჩენს", – განმარტავს Tbilisi Hills-ის გენერალური დირექტორი.

მდებარეობა და ინვესტიციის ღირებულება

Entrepreneur-თან ინტერვიუში ანასტასია უდალოვა იხსენებს, როგორ ჩამოვიდა საქართველოში 11 წლის წინ. ამ დროს ღამე იყო და აეროპორტიდან პირდაპირ ობიექტზე მივიდა. თბილისის განათებული ხედის დანახვისას მან გაიაზრდა დინამიურ ქალაქთან სიახლოვისა და სრულიად განსხვავებული ცხოვრების რიტმის შეხამების შესაძლებლობა. "იმავე წამს მივხვდი, რომ ამ ლანდშაფტის პატივისცემით უნდა მოვპყრობოდით და სათანადო პრიორიტეტად გვექცია", – ამბობს ის.

დეველოპმენტისას არჩეულ მდებარეობას ვერ შეცვლი, თუმცა გონივრულ დეველოპმენტს შეუძლია მისი ღირებულების განმტკიცება და გაზრდა. უდალოვა გამოყოფს სამ ფაქტორს, რაც უძრავი ქონების ფასის ზრდას განაპირობებს: შესყიდვის ფასი, პროექტის შიგნით არსებული პროგრესი და საბაზრო მდგომარეობა ქონების ხელახლა გაყიდვის მომენტში. Tbilisi Hills კონცენტრირდება იმ ელემენტებზე, რომელთა კონტროლიც შეუძლია – მათ შორის გენერალური გეგმის დასრულებაზე, სტანდარტების შენარჩუნებასა და ღირებული ინფრასტრუქტურული ობიექტების დამატებაზე.

"ჩვენს შემთხვევაში, ღირებულების ზრდას განაპირობებს რეალური ინფრასტრუქტურა და არა საბაზრო აჟიოტაჟი. გოლფის მოედანი და მდგრადი ენერგოსისტემის გაფართოება ის მაგალითებია, რომელთა მიზანი არსებული ქონების ღირებულების გაზრდაა. ასევე აღსანიშნავია დაბალი სიმჭიდროვის განაშენიანება, რაც ქმნის ექსკლუზიურობასა და დეფიციტს, რისი მიღწევაც თითქმის შეუძლებელია სტანდარტულ საქალაქო პროექტებში. სწორედ ეს ექსკლუზიურობა და უნიკალურობა უზრუნველყოფს ფასის სტაბილურ და ხანგრძლივ ზრდას."

ბიზნესი, რომელიც გარემოს ერგება

კომერციული ზონები განკუთვნილია მცხოვრებთა მოსამსახურებლად და არა უბრალოდ თავისუფალი სივრცის შესავსებად. Tbilisi Hills ეძებს გრძელვადიან პარტნიორობას, რაც ზრდის კომფორტსა და კეთილდღეობას, ამასთან ინარჩუნებს ღიაობას სხვადასხვა ტიპის ბიზნესისადმი. გადამწყვეტი კრიტერიუმებია ხარისხის, მდგრადობისა და გააზრებული დიზაინისადმი საერთო ერთგულება. უდალოვას სჯერა, რომ ანტრეპრენერები და ბრენდები, რომლებიც ამ პრინციპებს იზიარებენ, Tbilisi Hills-ის საზოგადოების რეალური ნაწილი გახდებიან.

უდალოვა ასევე აღნიშნავს, რომ ეს პროექტი საქართველოს პრემიუმ უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარე უფრო მასშტაბური ცვლილებების ნაწილია. როდესაც წლების წინ Tbilisi Hills-მა სუფთა ჰაერი, აქტიური ცხოვრების წესი, ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი კეთილდღეობა აღიარა უცვლელ პრიორიტეტად, ეს ნაბიჯი გაბედული ჩანდა. დღეს მსგავსი ღირებულებები სულ უფრო მეტად განსაზღვრავს მაღალი კლასის ცხოვრების ცნებას. "ვერ ვიტყვით, რომ ბაზრის ეს ცვლილება მთლიანად ჩვენი დამსახურებაა, თუმცა ვამაყობთ, რომ თამასა ადრეულ ეტაპზევე დავაწესეთ", – აღნიშნავს Tbilisi Hills-ის გენერალური დირექტორი.

ლიდერი და მობინადრე

უდალოვა Tbilisi Hills-ს თითქმის დაარსების დღიდან უდგას სათავეში და მისი პირველი მცხოვრებიც იყო. შესაბამისად, ის გადაწყვეტილებებს ორივე პერსოექტივიდან აფასებს – როგორც ხელმძღვანელი და როგორც ადამიანი,რომლის ყოველდღიური ცხოვრებაც ამ სივრცის განუყოფელი ნაწილია.

ანასტასია უდალოვას, როგორც პროფესიონალსა და მენეჯერს, ყოველთვის იზიდავდა გრძელვადიანი წამოწყებები, რომლებიც მოითხოვს მოთმინებას და დაუღალავ შრომას. მისი გამოცდილება მოიცავს მაგისტრის ხარისხს სამართალსა და სოციოლოგიაში, ასევე ლიდერულ პოზიციებს სხვადასხვა ინდუსტრიაში. მან ხელი შეუწყო ლატვიური ისტორიული ბრენდის, Dzintars-ის აღორძინებას და გაკოტრების შემდეგ მის საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნებას. ის ასევე არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი კომპანიაში, რომელიც 22 ქვეყანაში აწარმოებს ტრამვაისა და რკინიგზის აღჭურვილობას და მიმდინარე სარემონტო და მომარაგების პროექტები აქვს საქართველოშიც.

სწორედ ამ გამოცდილებამ ჩამოაყალიბა მისი მართვის სტილი. იურიდიულმა განათლებამ ყურადღება გაუმახვილა რისკებსა და პასუხისმგებლობაზე; ინფრასტრუქტურულმა მუშაობამ უკეთ დაანახა საიმედო სისტემების მნიშვნელობა; ხოლო წარმოებამ განამტკიცა ძლიერი გუნდისა და სანდო პარტნიორობის ფასი.

მისთვის უძრავი ქონების ტრანზაქციის მართვასა და საზოგადოების მართვას შორის განსხვავება ფუნდამენტურია. აღნიშნავს Tbilisi Hills-ის გენერალური დირექტორის თქმით, მცხოვრებლები ოპერაციული გადაწყვეტილებების შედეგებს ყოველდღიურად განიცდიან – საერთო სივრცეების მოვლიდან დაწყებული, სერვისების საიმედოობით დამთავრებული. ანასტასია უდალოვა აცნობიერებს, რომ დეველოპმენტის რეპუტაცია ყალიბდება წლების განმავლობაში, შესრულებული დაპირებების საფუძველზე და არა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის მომენტში. ის ფაქტი, რომ თავადაც უძრავი ქონების მფლობელია, ამ პასუხისმგებლობას კიდევ უფრო პირადულს ხდის.

ადამიანური რესურსი და მართვის სტილი

"მამაჩემმა ადრეულ ასაკში მასწავლა, რომ ადამიანები კომპანიის უდიდესი აქტივია და ეს არასდროს დამვიწყებია", – ამბობს უდალოვა. ის მაღალ სტანდარტებს უწესებს საკუთარ თავსაც და კოლეგებსაც. ანასტასია უდალოვა ყურადღებას აქცევს წვრილმან დეტალებს და სჯერა, რომ ლიდერი მომთხოვნთან ერთად სამართლიანიც უნდა იყოს. ლიდერი, მისი ხედვით, ენერგიით უნდა მუხტავდეს ადამიანებს და ამავდროულად მათ მკაფიო მიზანს უჩენდეს.

Tbilisi Hills-ში შეკრული საერთაშორისო გუნდი ჩამოყალიბდა, რომლის წევრებიც პასუხისმგებლობას საკუთარი უშუალო მოვალეობების მიღმაც გრძნობენ. მაგალითად, ახალი კადრის აყვანა ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას მისი წარმატების შესაძლებლობაზე. თუმცა პროფესიონალიზმი გულწრფელობასაც მოითხოვს. მაგალითად, იმის აღიარება, რომ თანამშრომელი შესაძლოა სხვა ამპლუაში უფრო პროდუქტიული იყოს, უდალოვასთვის პროფესიონალიზმის განმსაზღვრელი უნარია – ეს როგორც დასაქმებულის, ისე დამსაქმებლის დროისა და რესურსის პატივისცემას ნიშნავს.

ანასტასია უდალოვასთვის კომპანიის კულტურა თანმიმდევრულობას, პასუხისმგებლობასა და დაპირებების ერთგულებას ეფუძნება. ტექნიკური მომსახურება, ოპერატიულობა და საერთო სივრცეების მოვლა იმის შემდეგაც რჩება ძალაში, რაც უძრავი ქონება უკვე გაყიდულია. Tbilisi Hills-ის საერთაშორისო გუნდი ყველა ამ დეტალზე შესაბამისი პროფესიონალიზმით ორიენტირდება. კომპანიის სპეციალისტები ბალტიისპირეთისთვის დამახასიათებელ სტრუქტურულობას, დაგეგმვასა და მკაფიო პროცესებს აერთიანებენ ქართულ მოქნილობასთან და პირად ნდობაზე დამყარებულ პრობლემების გადაჭრის უნართან. ანასტასია უდალოვა მადლობას უხდის თანამოაზრე კოლეგებს კომპანიის პრინციპების შენარჩუნებისა და მათ რეალურ შედეგებად ქცევისთვის.

გრძელვადიანი სამომავლო გეგმები

მასშტაბური დეველოპმენტი ყოველთვის იძლევა მეტის აშენების, გეგმების შეცვლის ან სწრაფი მოგების შესაძლებლობას. Tbilisi Hills-მა ამის ნაცვლად გააზრებული და თანმიმდევრული პროგრესი აირჩია.

"ყოველი გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ, მოწმდება ერთი კითხვით: იამაყებს თუ არა ოჯახი Tbilisi Hills-ში უძრავი ქონების შეძენის გადაწყვეტილებით მომავალში - 2040 ან 2050 წელს?", – ამბობს უდალოვა. ეს ნიშნავს, Tbilisi Hills-ის გუნდი იმ ღირებულების პროექტად განიხილავს, რომელიც დროს უძლებს.

რა იქნება შემდეგ

Tbilisi Hills-ის განვითარების მომდევნო ეტაპი ფოკუსირებულია საზოგადოების გააზრებულ გაფართოებასა და დაგეგმილი ეკოსისტემის დასრულებაზე. ინფრასტრუქტურა კვლავაც ფუნდამენტურ პრიორიტეტად რჩება. საკუთარი მზის პარკის წარმატების შემდეგ, Tbilisi Hills ჰიდროელექტროსადგურის განვითარებას გეგმავს.

კომპანია ასევე განიხილავს ცნობილ ევროპულ საგანმანათლებლო პროვაიდერთან ერთად სკოლის გახსნის შესაძლებლობას, როგორც კი მცხოვრებთა რაოდენობა შესაბამის ნიშნულს მიაღწევს. როგორც ანასტასია უდალოვა ამბობს, მიზანი არის როგორც პრაქტიკული, ისე საგანმანათლებლო: ოჯახებს ყოველდღიურად არ უნდა უწევდეთ საათების დაკარგვა სკოლაში მისვლასა და უკან დაბრუნებაში.

გენერალურ გეგმაში გათვალისწინებულია სასტუმროც, რათა გაძლიერდეს მასპინძლობის სერვისის მიმართულება.

Tbilisi Hills ღია რჩება დამატებითი ინვესტიციების პროექტებისთვის, იმ პირობით,რომ ისინი პატივს სცემენ კომპანიის ხედვას და შეინარჩუნებენ განაშენიანების დაბალ სიმჭიდროვეს. ყველა ამ გეგმაში პრიორიტეტი უცვლელია: ახალმა ობიექტებმა ყოველდღიური ცხოვრება უნდა გაამარტივოს სივრცის ავთენტურობისთვის ზიანის მიყენების გარეშე. დაგეგმილი სკოლა, სასტუმრო თუ ენერგეტიკული ინვესტიციები სხვადასხვა საჭიროებას ემსახურება, თუმცა ყველა მათგანი ფასდება ერთი და იმავე გრძელვადიანი ხედვით. ამ მიდგომით, გაფართოება არ არის თვითმიზანი – მან უნდა გააუმჯობესოს Tbilisi Hills-ში ცხოვრების გამოცდილება.

დაკსვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც ანასტასია უდალოვასთვის, ისე Tbilisi Hills-ის მთელი გუნდისთვის, მაღალი კლასის საცხოვრებელი გარემო სწორ გადაწყვეტილებებთან არის დაკავშირებული – გადაწყვეტილებებთან, რომლებიც ცხოვრებას აუმჯობესებს. ე.წ. Quiet Luxury-ს თანამედროვე კონცეფცია ასახავს თავისუფლებას – იცხოვრო კომფორტულად და იგრძნო ჰარმონია გარემოსთან. Tbilisi Hills-ის გუნდმა ეს პრიორიტეტები ათი წლის წინ გააცნობიერა, ჯერ კიდევ იმ დრომდე, სანამ ისინი ერთგვარ ტრენდად და აქტიური განხილვის საგნად იქცეოდა.

"პირველივე დღიდან გვინდოდა, რომ Tbilisi Hills ყოფილიყო მწვანე სივრცის, სიმშვიდისა და სუფთა ჰაერის ადგილი, სადაც ბავშვები ბუნების წიაღში გაიზრდებიან და არა ქალაქის ხმაურში", – ამბობს Tbilisi Hills-ის გენერალური დირექტორი, ანასტასია უდალოვა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, Tbilisi Hills-ისთვის წარმატების საზომი არ არის უბრალოდ აშენებული სახლების რაოდენობა, არამედ ის, ათწლეულების შემდეგაც იქნება თუ არა მცხოვრებლებისთვის ისეთივე ღირებული ის ცხოვრება, რომელიც Tbilisi Hills-ში გადმოსვლისას აირჩიეს.