სოფიკო ცერცვაძე – იურისტი, რომელიც სამართლებრივ პრაქტიკასა და აკადემიურ კვლევას აერთიანებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პროფესიული განვითარება, მუდმივი სწავლა და სხვადასხვა მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება – სოფიკო ცერცვაძის კარიერული გზა სამართლებრივ პრაქტიკას, მედიაციასა და აკადემიურ საქმიანობას აერთიანებს. მან სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები საქართველოში მიიღო, საერთაშორისო ბიზნესისა და კორპორაციული სამართლის მიმართულებით სწავლა რომის ბიზნესსკოლაში (Rome Business School) გააგრძელა, ახლა კი დოქტორანტურას ევროპის სამართლისა და მართვის უნივერსიტეტში (ELGU) იწყებს.
დღეს სოფიკო ცერცვაძე რამდენიმე წამყვანი კომპანიის იურიდიულ საქმიანობას ხელმძღვანელობს, რომელშიც აერთიანებს საკორპორაციო, კომერციულ და შესაბამისობის (Compliance) მიმართულებებს. ამასთან, არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და აკრედიტებული მედიატორი. მის პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მედიაციას, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას, რომელმაც, როგორც თავად აღნიშნავს, მნიშვნელოვნად შეცვალა მისი ხედვა სამართლებრივი, ბიზნეს და შრომითი დავების გადაწყვეტის კუთხით.
აკადემიური განვითარების ახალ ეტაპზე სოფიკო ცერცვაძე კოლექტიური შრომითი დავების მედიაციის ინსტიტუციურ მოდელებს იკვლევს. მისი მიზანია, ევროპული გამოცდილებისა და საქართველოს სამართლებრივი გარემოს შედარებითი ანალიზის საფუძველზე ისეთი რეკომენდაციები შეიმუშაოს, რომლებიც ქვეყანაში შრომითი დავების გადაწყვეტის მექანიზმების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
პროფესიული გზა და გამოცდილება
სოფიკო ცერცვაძე პროფესიული გზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად მედიაციასთან დაკავშირებულ გამოცდილებას მიიჩნევს. მისი თქმით, ამ მიმართულებამ არა მხოლოდ კარიერულ განვითარებაზე, არამედ პროფესიულ უნარებზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
"ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა მედიაციასთან დაკავშირებულმა გამოცდილებამ იქონია, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ჩემი კარიერული გზა და ისეთი უნარების განვითარებაში დამეხმარა, როგორიცაა აქტიური მოსმენა, ნეიტრალურობა, მხარეთა ინტერესების დაახლოება და მათ შორის შეთანხმების მიღწევა ნდობის შენარჩუნებით.
მედიაციის სიყვარული ჩემი ლექტორების დამსახურებაა, რომლებიც დღეს ჩემი კოლეგები და მეგობრები არიან. მათი ლექციების წყალობით დავინახე, რომ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სასამართლოში ბრძოლა, არამედ მხარეებს შორის ნდობის აღდგენა და მისი ალტერნატიული გზებით გადაწყვეტა".
პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, სოფიკო ცერცვაძე აკადემიურ განვითარებასაც აგრძელებს. მისი თქმით, ამ ორი მიმართულების შეთავსებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა დისციპლინასა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას აქვს.
"ვფიქრობ, ჩემთვის ყველაზე გადამწყვეტია დისციპლინა, სწორი პრიორიტეტების დასახვა და შინაგანი სიმშვიდე. მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ყველაფერს ერთდროულად ვერ გააკეთებ სრულყოფილად, ამიტომ ვცდილობ საკითხების თანმიმდევრულად განსაზღვრას.
ჩემთვის პროფესიული საქმიანობა და აკადემიური გზა ერთმანეთს ავსებს. ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ მრავალი მიმართულებით განვითარება და მუშაობა ჩემს შემთხვევაში წარმატების მომტანია".
დოქტორანტურა და კვლევის მნიშვნელობა
სოფიკო ცერცვაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში და საზღვარგარეთ მიღებული განათლების შემდეგ, პრაქტიკაში დაინახა, რომ სამართლებრივი ნორმის არსებობა ყოველთვის არ ნიშნავს სისტემის რეალურად მუშაობას, განსაკუთრებით კი შრომით დავებში, სადაც კონფლიქტი ხშირად სცდება ორივე მხარის ინტერესებს.
"დოქტორანტურა მაძლევს შესაძლებლობას, ეს დაკვირვებები სისტემურ, სამეცნიერო კვლევად გადავაქციო. European Law and Governance University შევარჩიე, რადგან ჩემი თემა ევროპული სტანდარტების შედარებით ანალიზს ეფუძნება და საქართველოსთვის, ევროკავშირთან ინტეგრაციის კონტექსტში, ევროპულ სამართლებრივ გარემოსთან სიახლოვე განსაკუთრებით ღირებულია.
ამ უნივერსიტეტსა და პროგრამაზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წყალობით გავიგე, რომლის წევრიც ვარ. მადლიერი ვარ მათი მხარდაჭერისა და იმ პროფესიული გარემოსთვის, რომელიც ასოციაციაში არსებობს".
მისი სადოქტორო კვლევის მთავარი მიმართულება კოლექტიური შრომითი დავების მედიაციაა. თემის არჩევის მიზეზებზე საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით საქართველოში გარკვეული საკითხები ჯერ კიდევ საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას.
"ჩემი სადოქტორო თემაა "კოლექტიური შრომითი დავების მედიაციის ინსტიტუციური მოდელები: ევროპული სტანდარტები და საქართველოს სამართლებრივი სისტემის ჰარმონიზაციის პერსპექტივები". თემის არჩევა განაპირობა, ერთი მხრივ, მედიაციისა და შრომის სამართლის სიყვარულმა, ხოლო, მეორე მხრივ, იმ საკითხებზე მუშაობის სურვილმა, რომლებიც საქართველოში დღემდე სიღრმისეულად და სისტემურად არ არის შესწავლილი.
2013 წლის შრომის რეფორმით საქართველოში კოლექტიური დავების მედიაცია ფორმალურად დაინერგა, თუმცა ის, თუ რამდენად მუშაობს ეს მექანიზმი რეალურად, სამეცნიერო ანალიზის ობიექტი თითქმის არ გამხდარა. შედეგად, ჩემი კვლევა სამ ძირითად საკითხს დაეთმობა: მედიატორის დამოუკიდებლობასა და ნეიტრალიტეტს; მედიაციისა და გაფიცვის უფლების ურთიერთმიმართებას; და მედიაციით მიღწეული შეთანხმების აღსრულებადობას.
მიუხედავად იმისა, რომ დოქტორანტურაზე ევროპაში ჩავაბარე, ჩემი კვლევა, პირველ რიგში, საქართველოს ემსახურება: ევროპულ გამოცდილებას იმისთვის ვსწავლობ, რომ ქართულ რეალობას მოვარგო და ქვეყანას კონკრეტული, პრაქტიკაში გამოსაყენებელი გადაწყვეტა შევთავაზო".
სოფიკო ცერცვაძის შეფასებით, კოლექტიური შრომითი დავების მედიაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უშუალოდ დავის მონაწილე მხარეებისთვის, არამედ საზოგადოებრივი და ეკონომიკური სტაბილურობისთვისაც. ამ მიმართულებით ის რამდენიმე გამოწვევას გამოყოფს.
"კოლექტიური შრომითი კონფლიქტი კლასიკურ კერძოსამართლებრივ დავას სცდება: დიდი მასშტაბის დაპირისპირება არა მხოლოდ მხარეთა ეკონომიკურ ინტერესებს, არამედ საზოგადოებრივ წესრიგსა და ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც ეხება. ბოლო წლებში ასეთი კონფლიქტები საქართველოში სხვადასხვა სექტორში, მათ შორის მძიმე მრეწველობაში, სამთო-მოპოვებით სფეროში, ენერგეტიკასა და ჯანდაცვაში გვხვდებოდა.
ევროკავშირთან ასოცირების კონტექსტში ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროპის სოციალური ქარტიის სტანდარტები დამოუკიდებელ სოციალურ დიალოგსა და მხარეთა ავტონომიას გულისხმობს.
ჩემი დაკვირვებით, ძირითადი გამოწვევებია: მედიატორის ინსტიტუციური ბმა სამინისტროსთან, რაც ნეიტრალიტეტის აღქმას ასუსტებს; ზოგჯერ მედიაციის გამოყენება გაფიცვის გადავადების ან მისი ფორმალური ლეგიტიმაციისთვის; და შეთანხმების აღსრულების მყისიერი მექანიზმის არარსებობა, რაც მხარეთა ნდობას ამცირებს. ჩემი კვლევა სწორედ ამ ხარვეზების სისტემურ ანალიზს და ევროპული გამოცდილების საფუძველზე გადაწყვეტების შეთავაზებას ისახავს მიზნად".
კვლევის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მისი პრაქტიკული დანიშნულებაა. სოფიკო ცერცვაძე მიზნად ისახავს, კვლევის საფუძველზე შეიმუშაოს შრომითი მედიაციის სისტემის გაუმჯობესების კონცეფცია, რომელიც საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს დაეფუძნება.
"ჩემი კვლევის მთავარი პრაქტიკული მიზანია საქართველოში შრომითი მედიაციის სისტემის ინსტიტუციური და პროცედურული რეფორმის კონცეფციის შემუშავება. კონცეფცია საქართველოს პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას კონკრეტულ საკანონმდებლო წინადადებებსა და პოლიტიკის რეკომენდაციებს შესთავაზებს.
პრაქტიკაში ეს სამ ძირითად მიმართულებას შეიძლება მოიცავდეს. პირველი, საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს შრომის კოდექსისა" და "მედიაციის შესახებ" საქართველოს კანონის დახვეწა, რათა შრომითი დავების მედიაციის პროცედურა უფრო მკაფიო, თანმიმდევრული და მხარეებისთვის პროგნოზირებადი გახდეს. მეორე, მედიატორის ავტონომიის გაძლიერება. ამ მიზნით შევაფასებ, რამდენად მისაღებია ქართული რეალობისთვის დამოუკიდებელი, სამმხრივი (ტრიპარტიტული) მართვის მოდელი. მესამე, მედიაციით მიღწეული შეთანხმებებისთვის ქმედითი აღსრულების მექანიზმის შექმნა, რაც ამ შეთანხმებების პრაქტიკულ ღირებულებას მნიშვნელოვნად გაზრდის.
დამსაქმებლებისთვის, დასაქმებულებისა და პროფკავშირებისთვის ეს ნიშნავს კონფლიქტების ადრეულ ეტაპზე დეესკალაციას, ხანგრძლივი სასამართლო დავებისა და გაფიცვების რისკის შემცირებას და სოციალურ პარტნიორებს შორის ნდობის ამაღლებას.
ამავე დროს, მნიშვნელოვნად მიმაჩნია ხაზგასმა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კვლევის მიზანსა და სამუშაო ჰიპოთეზას წარმოადგენს. საბოლოო დასკვნებსა და რეკომენდაციებს შედარებითსამართლებრივი და ემპირიული ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით ჩამოვაყალიბებ".

შრომა, გამოწვევები და სამომავლო გეგმები
სოფიკო ცერცვაძე პროფესიულ და აკადემიურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს პიროვნულ თვისებებს, შეუპოვრობასა და ახალი შესაძლებლობების მიმართ ღიაობას ანიჭებს. მისი თქმით, კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანია, ადამიანმა გამოწვევებს განვითარების შესაძლებლობად შეხედოს და არ შეუშინდეს იმ პასუხისმგებლობებს, რომლებიც დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს.
|ბავშვობიდან ძალიან სპორტული ხასიათი და აზროვნება მაქვს, რაც, ვფიქრობ, ჩემში მებრძოლ სულსა და შეუპოვრობას აყალიბებს. ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ სპორტსმენები მხოლოდ ფიზიკურად იხარჯებიან და წარმატებას პირად კომფორტზე უარის თქმის ხარჯზე აღწევენ, რითაც შემდეგ ყველანი ვამაყობთ. თუმცა, ღრმად მჯერა, რომ ნებისმიერ პროფესიას ზუსტად ისე უნდა მიუდგე, როგორც სპორტის სახეობას – იბრძოლო იმავე ჟინითა და თავდადებით. როდესაც შენს საქმეში სპორტული ხასიათი გაქვს, გამოწვევები ბარიერები აღარ არის, ისინი, უბრალოდ, გადალახვადი საფეხურები ხდება.
პირველი რეალური სირთულე ალბათ ის იყო, რომ როცა ამ გზას იწყებ, მზად უნდა იყო – გამოიყენო ყველა შესაძლებლობა და გამოწვევა, რასაც პროფესია გთავაზობს, და არასდროს თქვა უარი ახალ შესაძლებლობაზე შიშის გამო.
მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად მოუსმინო საკუთარ თავს და მიაქციო ყურადღება, რისი კეთება გიყვარს რეალურად. სამართალი ძალიან ფართო სფეროა, სადაც თითოეული ადამიანი პოულობს საკუთარ თავს და იმ მიმართულებას, რომელში მუშაობაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
ჩემს შემთხვევაში, კარიერული გზის განმავლობაში შეხვედრილ თითქმის ყველა გამოწვევას დავთანხმდი და არასდროს დამიხევია უკან იმის გამო, რომ რაღაც დიდ შრომას, დროსა და ძალისხმევას მოითხოვდა. შეიძლება ითქვას, ბაკალავრიატის მესამე კურსიდან არ გავჩერებულვარ – მუდმივად ვსწავლობდი რაღაც ახალს, და ვცდილობდი, თითოეული გამოწვევა განვითარების ახალ საფეხურად მექცია".
პრაქტიკული გამოცდილება და სამეცნიერო საქმიანობა სოფიკოსთვის ერთმანეთის შემავსებელი მიმართულებებია. ერთი მხრივ, ყოველდღიური პროფესიული საქმიანობა კვლევისთვის მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს, მეორე მხრივ კი, აკადემიური მუშაობა პრაქტიკულ საკითხებზე უფრო ფართო და სისტემური ხედვის ჩამოყალიბებაში ეხმარება.
"პრაქტიკა მაძლევს რეალურ გამოცდილებას, რომლებიც სამეცნიერო კითხვებს მიჩენს: ვხედავ, როგორ მუშაობს კანონი მაშინ, როცა მხარეებს ერთმანეთის ნდობა აღარ აქვთ და როგორ ხდება, რომ ნორმა ქაღალდზე სწორია, პრაქტიკაში კი ვერ მუშაობს. ორივე მხარის, დამსაქმებლისა და დასაქმებულის, ინტერესების გაგება კორპორაციულ და შრომით პრაქტიკაში ჩემს კვლევას რეალისტურობას სძენს.
სამეცნიერო მუშაობა კი, თავის მხრივ, პრაქტიკაში უფრო სისტემურ ხედვას მაძლევს: შედარებითი სამართალი, საერთაშორისო სტანდარტები და მეთოდოლოგია გვეხმარება, კონკრეტულ დავას უფრო ფართო კონტექსტში ვუყურო და გადაწყვეტილებები არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ გრძელვადიან შედეგზეც გავიანგარიშო".
სამომავლო გეგმებზე საუბრისას სოფიკო ცერცვაძე აღნიშნავს, რომ მისი მიზანია, სადოქტორო კვლევის შედეგები მხოლოდ აკადემიურ ნაშრომად არ დარჩეს და საქართველოში კოლექტიური შრომითი დავების მოგვარების სისტემის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი.
"დოქტორანტურის სამწლიანი პროგრამის განმავლობაში ვგეგმავ ემპირიულ კვლევას: ინტერვიუებს პრაქტიკოს მედიატორებთან, პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა გაერთიანებების წარმომადგენლებთან, ხოლო შემდეგ მიღებული შედეგების გამოქვეყნებას. ამ თემის მიმართ ჩემი ინტერესი პირადი გამოცდილებიდან მოდის. მედიაციის პროცესში არაერთხელ მინახავს, როგორ შეუძლია ერთ გულწრფელ საუბარს ისეთი დაპირისპირების განმუხტვა, რომელიც თითქოს გამოუვალი ჩანდა. სწორედ ამიტომ მჯერა, რომ დიალოგი სუსტი მხარის არჩევანი კი არა, ძლიერი და მოწიფული საზოგადოების ნიშანია.
პარალელურად ვაგრძელებ პროფესიულ განვითარებას და მსურს ჩემი სამომავლო გეგმები არა მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდილებას, არამედ საუნივერსიტეტო გარემოში ჩემი ცოდნის გაზიარებასაც დავუთმო".