Smartzone – ჭკვიანი საკეტების ახალი შესაძლებლობები ქართულ ბაზარზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჭკვიანი ტექნოლოგიები ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო მეტ ფუნქციას იძენს – მათ შორის, სახლისა და სამუშაო სივრცის უსაფრთხოებისა და მართვის მიმართულებით. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტა ჭკვიანი საკეტებია, რომლებიც მომხმარებლებს კარის გაღებისა და დაშვების კონტროლის განსხვავებულ შესაძლებლობებს სთავაზობს: თითის ანაბეჭდითა და კოდით დაწყებული, დისტანციური მართვითა და სახის ამოცნობით დასრულებული.

სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს Smartzone – კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე სხვადასხვა ტიპის კარისთვის განკუთვნილ ჭკვიან საკეტებსა და მათ ინსტალაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს. მისი თანადამფუძნებლები, კონსტანტინე დანელია და მიხეილ ცერაძე, IT სფეროდან მოდიან. კომპანიის შექმნის იდეა კი თანამედროვე მოწყობილობების პირადი გამოცდილებით გამოცდას და მათი პრაქტიკული შესაძლებლობების მომხმარებლებისთვის გაზიარების სურვილს უკავშირდება.

დღეს Smartzone-ის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჭკვიანი საკეტებია. კომპანია სხვადასხვა საფასო სეგმენტისა და ფუნქციონალის მოდელებს აერთიანებს, განსაკუთრებულ ყურადღებას კი მომხმარებელთა მხარდაჭერას, ტექნიკურ მომსახურებასა და ინსტალაციის პროცესის მართვას უთმობს. სამომავლოდ მისი მიზანი საქმიანობის გაფართოება და ჭკვიანი სახლის კონცეფციის სხვა კომპონენტების ქართულ ბაზარზე შეთავაზებაა.

კომპანიის შექმნის ისტორია და ქართული ბაზრის საჭიროება

Smartzone-ის თანადამფუძნებელი, მიხეილ ცერაძე ამბობს, რომ კომპანიის შექმნის იდეა ერთ-ერთი შეხვედრის დროს გაჩნდა, სადაც განიხილავდნენ თანამედროვე მოწყობილობებს.

"სწორედ მაშინ გაგვიჩნდა იდეა, რომ გაგვეტესტა ჭკვიანი მოწყობილობები სახლისთვის და შეგვეთავაზებინა მომხმარებლებისთვის. შევუკვეთეთ სატესტო პარტია, რამდენიმე ცალი ჩამოვიტანეთ, პირადად გავეცანით, ვნახეთ როგორ მუშაობდა და რა ფუნქციონალი ჰქონდა".

კონსტანტინე დანელია აღნიშნავს, რომ საწყის ეტაპზე პროდუქტი საკუთარ თავზე გამოსცადეს, რის შემდეგაც მის კომფორტულობაში, პრაქტიკულობასა და საჭიროებაში დარწმუნდნენ.

"მექანიკურ საკეტთან შედარებით დროს ძალიან ზოგავს, შესაძლებელია დისტანციური კონტროლო გასაქირავებელი ფართებისთვის, აპარტამენტებისთვის და ა.შ. ამჟამად ჩვენი კომპანია ძირითადად ორიენტირებულია ვიწრო სეგმენტზე, თუმცა სამომავლოდ გაფართოების გეგმები გვაქვს. ამ ეტაპზე საქართველოში ყველაზე დიდი არჩევანი გვაქვს ჭკვიანი საკეტების მიმართულებით ნებისმიერი ტიპისა და მასალის კარისთვის, ასევე ნებისმიერი სივრცისთვის, – იქნება საცხოვრებელი ფართი, ოფისი, აგარაკი, გარე სივრცე, აპარტამენტი თუ სხვა. შემოვიყვანეთ ამ მიმართულებით მსოფლიოში ორი წამყვანი ბრენდი – Lenovo და Moorgen".

მიხეილ ცერაძის თქმით, თავდაპირველად თანადამფუძნებლები უზრუნველყოფდნენ საკეტების ინსტალაციას, გამართვასა და კონფიგურაციას, რათა უკეთესად შეესწავლათ პროდუქტი და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიგაეთავისებინათ.

პროდუქტის ასორტიმენტი და მომხმარებელთა მომსახურება – Smartzone-ის უპირატესობები

"ჩვენს კომპანიას ერთ-ერთი და ალბათ საუკეთესო ლაინაფი აქვს ამ სფეროში კონკურენტებთან შედარებით – გვაქვს ძალიან დიდი არჩევანი, მათ შორის მსოფლიოში წამყვანი ბრენდები – Lenovo, Morgen და ასევე ბიუჯეტური მოდელებიც. ჩვენ ნებისმიერი ტიპის მომხმარებლებს შევთავაზებთ შესაბამის საკეტს. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ დავნერგეთ ციფრული კონტენტის მართვის სისტემა კლიენტებთან ურთიერთობისთვის – კომუნიკაციის დაწყებიდან საკეტის ინსტალაციამდე მთელი პროცესი გავაციფრულეთ", – ამბობს მიხეილ ცერაძე.

კონსტანტინე დანელია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დღეს ბაზარზე ამგვარი სრულყოფილი პროდუქტი არ არსებობს. მისი თქმით, სისტემა ერთ სივრცეში აერთიანებს ყველაფერს: ინტერაქციულ კალენდარს, მომხმარებლებთან კომუნიკაციისა და ისტორიის არქივს, ობიექტზე გასული ინჟინრების ოპერატიულ ინფორმირებასა და შესრულებული სამუშაოს ვიზუალური ჩაბარების აღრიცხვას.

"ჩვენთვის პრიორიტეტულია მომხმარებლის მხარდაჭერა და ძირითადად ამაზე ვართ ორიენტირებული. ხაზს გავუსვამდი ტექნიკურ მხარდაჭერასაც, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა".

მიხეილ ცერაძე აღნიშნავს, რომ ბრენდების მიხედვით ასორტიმენტი მკაფიოდ არის გამოკვეთილი: ბაზრის ლიდერები, Lenovo და Morgen, ძირითადად პრემიუმ და საშუალო სეგმენტს ფარავენ, თუმცა Morgen-ის ხაზში ბიუჯეტური მოდელებიც მოიძებნება.

"ამასთან, მომხმარებელს ვთავაზობთ ჩვენივე ინდივიდუალური დაკვეთით დამზადებულ საკეტებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხაზი უფრო ხელმისაწვდომ საფასო სეგმენტს მიეკუთვნება, ხარისხზე უარის თქმაზე ლაპარაკი არც კი შეიძლება. თითოეული მოდელი მკაცრ ტესტირებას გადის; მცირე ხარვეზის აღმოჩენისთანავე ვმუშაობთ მომწოდებლებთან, რათა პრობლემა ძირშივე აღმოიფხვრას და მომხმარებელმა სრულყოფილი და სანდო პროდუქტი მიიღოს.

რაც შეეხება გერმანულ ბრენდ Morgen-ს, დიზაინის კუთხით გამორჩეული მოდელები აქვთ. მსოფლიოს წამყვან დიზაინერებს აქვთ ნამუშევარი მათ რამდენიმე მოდელზე. ერთ-ერთი არის ზაჰა ჰადიდი და ჩვენც გვაქვს ლაინაფში ამ დიზაინერის სახელით შესრულებული საკეტები. მაგალითად, Morgen T66, რომელიც ნადვილად გამოირჩევა ორიგინალური დიზაინით".

ჭკვიანი საკეტები – უსაფრთხოება, კომფორტი და მართვის ახალი შესაძლებლობები

ჭკვიანი საკეტის უპირატესობებზე საუბრისას კონსტანტინე დანელია, პირველ რიგში, გახსნის მეთოდს გამოყოფს: მექანიკური საკეტის შემთხვევაში არის მექანიკური გასაღები, რომელიც ყოველთვის თან უნდა ვატაროთ, ხოლო ჭკვიანი საკეტის შემთხვევაში გვაქვს მრავალფეროვანი არჩევანი.

"ეს არის თითის ანაბეჭდი, ბარათი, კოდი, ტელეფონი, დისტანციური მართვა აპლიკაციით, სახის ამოცნობა, ხელისგულის სკანერი და ა.შ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებს ძალიან გაუმარტივდათ ცხოვრება: არ იქნება საჭირო, ყველა ოჯახის წევრს ცალკე ჰქონდეს გასაღები. ბიომეტრიული საშუალებები ან კოდი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სახლში ნებისმიერ დროს შევიდნენ. გარდა ამისა, მექანიკური საკეტით კარის ჩაკეტვა აუცილებელია უსაფრთხოებისთვის, ჭკვიანი საკეტის შემთხვევაში კი, უბრალოდ, კარის დაკეტვაც საკმარისია".

თანადამფუძნებლის თქმით, კიდევ ერთ უპირატესობას დისტანციური მართვა წარმოადგენს: ჭკვიანი საკეტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მომხმარებელმა ნახოს, ვინ დგას სადარბაზოში და ესაუბროს კართან მდგომს.

"Airbnb-სა და სასტუმროებისთვის გვაქვს ასეთი შეთავაზება: შეუძლიათ მოახდინონ ერთჯერადი, მრავალჯერადი, დროში შეზღუდული კოდების გენერირება სტუმრებისთვის, დამლაგებლებისთვის, ხელოსნოსნებისთვის და ამ კოდებით მართონ, შემოუშვან თუ არა ესა თუ ის ადამიანი.

გარდა ამისა, ჭკვიანი საკეტი აღჭურვილია მოძრაობის დეტექციისა და ბიომეტრიული ამოცნობის სენსორებით. მაგალითად, თუ პიროვნება კარს არ ეხება, თუმცა მის მიდამოებში გარკვეული დროის განმავლობაში ყოვნდება, სისტემა მას უცხო პირად მიიჩნევს და ტელეფონზე შესაბამის ვიზუალურ შეტყობინებას აგზავნის – ეს ნოტიფიკაცია მყისიერად მიდის საკეტზე წვდომის მქონე ყველა მომხმარებელთან. მსგავსი რეაქცია ირთვება კარის ფიზიკური დაზიანების მცდელობისას, აგრეთვე არასწორი თითის ანაბეჭდის ან სხვა შეუსაბამო ბიომეტრიული პარამეტრების დაფიქსირებისას. გარდა ამისა, სისტემა აკონტროლებს კარის მდგომარეობას – თუ მომხმარებელს მისი ჩაკეტვა დაავიწყდა და უბრალოდ, მიხურა, საკეტი ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინებას აგზავნის. ეს სრულად გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ კარი ღია ან დაუცველი დარჩეს, რადგან მფლობელს აუცილებლად მოუწევს ადგილზე დაბრუნება და მისი ბოლომდე ჩაკეტვა".

როგორც კონსტანტინე დანელია აღნიშნავს, მათი ასორტიმენტი ნებისმიერი ტიპის კარისთვისაა განკუთვნილი. საკეტები ზუსტად ერგება მასალას: არსებობს მეტალისა და ხის, ოფისებისთვის გათვალისწინებული მინის ზედაპირის, აგრეთვე ალუმინის, მეტალოპლასტმასისა და ამინდის მიმართ მდგრადი გარე გამოყენების მოდელები.

"ეს ინფორმაცია ვებგვერდსა და სოციალურ ქსელშიც დეტალურად არის აღწერილი. სწორედ ამიტომ, მომხმარებელთან კომუნიკაციისას მთავარი საწყისი ეტაპი კარის მასალის გარკვევაა, რის მიხედვითაც ზუსტი და ინდივიდუალური შეთავაზება კეთდება".

მომხმარებლები და სამომავლო გეგმები

როგორც მიხეილ ცერაძე განმარტავს, Smartzone-ის მომხმარებლები როგორც ფიზიკური პირები, ისე სხვადასხვა ბიზნესი და ორგანიზაციები არიან. მისი თქმით, ბიზნესს სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი და ყოველდღიურ საქმიანობაზე მორგებული სისტემა: მაგალითად, ხშირია მოთხოვნა სამუშაო საათებში კარის ღიად დატოვებაზე, რათა სივრცეში შესვლა თავისუფლად, ავტორიზაციის გარეშე იყოს შესაძლებელი, ხოლო სამუშაო დროის დასრულების შემდეგ საკეტი ავტომატურად გადავიდეს ჩვეულებრივ რეჟიმზე და წვდომა მხოლოდ თითის ანაბეჭდით, სახით, პაროლით ან ბარათით გახდეს შესაძლებელი.

"რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, ბევრნაირი მომხმარებელი გვყავს და ზუსტად ამიტომ გახდა საჭირო ამხელა ლაინაფის გაკეთება. გვყავს მომხმარებლები, რომლებსაც სჭირდებათ შედარებით ბიუჯეტური მოდელები. ასევე მომხმარებლებიც, რომლებსაც ვთავაზობთ პრემიუმ ხარისხის საკეტებს შესაბამის ფასად".

"რაც შეეხება სასტუმროებს, ძირითადად მცირე ზომის, 20-30-ნომრიან ობიექტებთან ვთანამშრომლობთ. ასეთი პროექტები განგვიხორციელებია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. მცირე ბიზნესს უპირველესად სჭირდება მოქნილი და გამძლე სისტემები. კერძოდ, საკეტის ელემენტისა და ბატარეის ხანგრძლივი რესურსით. გარდა ამისა, ასეთი ობიექტები უმეტესად საშუალო ან ბიუჯეტურ საფასო სეგმენტზე აჩერებენ არჩევანს", – აღნიშნავს კონსტანტინე დანელია.

მიხეილ ცერაძის თქმით, თანადამფუძნებლებს საკმაოდ ამბიციური და შორს მიმავალი გეგმები აქვთ და "ჭკვიანი სახლის" სრულყოფილი კონცეფციის დანერგვას გეგმავენ.

"ეს მიმართულება მოიცავს როგორც ჭკვიან საკეტებს, ისე მთლიანი სივრცის გაციფრულებას: განათების, ფარდების, აუდიოსისტემებისა და გათბობა-გაგრილების მართვას. ეს ტექნოლოგიები მხოლოდ დისტანციური მართვისა და კომფორტისთვის არ იქმნება – ისინი მომხმარებელს კომუნალური ხარჯების მნიშვნელოვნად დაზოგვაში ეხმარება. "ჭკვიანი სახლი" მრავალმხრივი სფეროა, ამიტომ ამ სიახლეებს ეტაპობრივად დავნერგავთ და შევთავაზებთ ბაზარს. ვფიქრობ, წინ ძალიან საინტერესო სიახლეები გველოდება".