რაჭაში, საკუთარ ეზოში გაშენებული იშვიათი ფრინველების ფერმა – როგორც აქცია ნიკა სანთელაძემ საყვარელი საქმე წარმატებულ კონტენტად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ციფრულ ეპოქაში სოციალური ქსელები გვაძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ინტერესები აუდიტორიას ნებისმიერი ადგილიდან გავუზიაროთ. რაც უფრო გულწრფელ ინტერესებზეა აგებული კონტენტის შინაარსი, მით უფრო დიდია კრეატორისადმი ნდობა და აუდიტორიის ჩართულობაც.

სწორედ ასე შეიძინა ლოიალური გამომწერები ნიკა სანთელაძემ (Nika's Farm), რომელმაც ბავშვობის ჰობისა და საყვარელი საქმის გაზიარება სოციალური ქსელის მეშვეობით დაიწყო. ნიკა რაჭაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მას ეზოს დიდ ნაწილში ფერმა აქვს გაშენებული, სადაც იშვიათი ჯიშის ფრინველები ბინადრობენ. ცხოველების სიყვარულს, ფერმის ყოველდღიურობასა და სოფლად ცხოვრების ხიბლს ნიკა TikTok-ის მეშვეობით განსხვავებული, ავთენტიკური შინაარსითა და ფორმით გადმოსცემს. ნიკა აუდიტორიისადმი უშუალოა, მისი ყურებისას მაშინვე მიხვდებით, რომ ეს არ არის გამომწერების მომატებისთვის დადგმული კადრები. ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ უყვარს ნიკას საკუთარი სოფელი, ბუნება, ცოცხალი გარემო და თავისი ფერმის ბინადრებზე ზრუნვა.

ჯერ კიდევ 15-16 წლის ასაკში ნიკამ უკვე იცოდა, რა იზიდავდა. ღრმა ბავშვობიდან გატაცებული იყო სოფლის მეურნეობით, უვლიდა ფრინველებსა და ცხოველებს, თუმცა ამ ყოველდღიურობას დიდხანს საგულდაგულოდ მალავდა. მიზეზი ნაცნობი იყო: გარშემო მყოფების მხრიდან ხშირად აწყდებოდა არასერიოზულ დამოკიდებულებას, თუმცა სწორედ ეს ბარიერი იქცა გარდამტეხ მომენტად.

"გადავწყვიტე, ჩემი თავი და საქმიანობა სოციალური ქსელების საშუალებით უფრო მეტი ადამიანისთვის გამეცნო. ვფიქრობდი, რომ ამ გაბედული ნაბიჯით სხვა სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც მივცემდი სტიმულსა და მოტივაციას. მეტიც – ჩემი ყოველდღიურობის გაზიარებით, სოფელი და ფერმერული საქმიანობა სხვებსაც უფრო შევაყვარე. მიუხედავად გარშემო მყოფი თანატოლების დიდი ნაწილის დამცინავი დამოკიდებულებისა, მიზნად მქონდა დასახული, რომ ჩემი საქმიანობა დიდი აუდიტორიისთვის გამეცნო და წარმატებული კონტენტ კრეატორი ვყოფილიყავი. ამიტომ კრიტიკამ მხოლოდ მეტი მოტივაცია მომცა", – ამბობს ნიკა სანთელაძე.

კონტენტის შექმნის ყველა დეტალზე მხოლოდ ნიკა მუშაობს – იდეის ავტორიც თავად არის, გადამღებიც და მემონტაჟეც. ნიკას ინსპირაცია ის რეალური, ცოცხალი გარემოა, სადაც ყოველდღიურად შრომობს. ფერმის ბინადრებზე ზრუნვა, სოფლის რუტინა და ბუნებასთან სიახლოვე მის კონტენტს ავთენტიკურობასა და განსაკუთრებულ ემოციას სძენს. გარდა ამისა, ქართულ სივრცეში განსხვავებულ ნიშასაც იკავებს, რაც ბუნებრივად განაპირობებს მისი აუდიტორიის ზრდას.

"სოციალურ ქსელებში აქტიურობა დაახლოებით სამი წლის წინ დავიწყე. პირველ წელს აუდიტორია საკმაოდ მცირე იყო – ძირითადად მეგობრები და ნაცნობები. თუმცა, დროთა განმავლობაში ჩემი გამომწერების რიცხვი და ჩართულობა საგრძნობლად გაიზარდა. გამომწერებს შორის არიან არა მხოლოდ მოზარდები სოფლებიდან და ქალაქებიდან, არამედ უფროსი თაობის ადამიანებიც. ამ დროის განმავლობაში ყოფილა მომენტები, როცა კონტენტის კეთებაზე ხელი ჩამიქნევია – მაგალითად, როცა არ მქონდა საჭირო ტექნიკა, ან როცა პერიოდულად აუდიტორიის ჩართულობა მცირდებოდა, მაგრამ მერე ვაანალიზებდი, რომ წინსვლასა და წარმატებას ასეთი რთული მომენტები ყოველთვის თან ახლავს. მთავარია, არასდროს დანებდე და ყველაფერი გააკეთო მიზნის მისაღწევად".

როგორც ნებისმიერ ტრადიციულ პროფესიაშია მნიშვნელოვანი, შრომა ფინანსურად ფასდებოდეს, მონეტიზაცია კრეატორებისთვისაც კარიერული ზრდისა და განვითარების განუყოფელი ნაწილია. ნიკა აღნიშნავს, რომ ქართულ სივრცეში პლატფორმებიდან მიღებული შემოსავალი დაბალია, რის გამოც მთავარი აქცენტი ბრენდებთან თანამშრომლობაზე გადადის. აქ კი კრეატორი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას უნდა იჩენდეს. კოლაბორაციისას ბრენდების გააზრებულად შერჩევა ნიკასთვის უმნიშვნელოვანესია და ეს, პირველ რიგში, გამომწერებისადმი გულწრფელობასა და პატივისცემას ეფუძნება.

"თუ პროდუქტი არ ვარგა და შენ მის "შეფუთვასა" და რეკლამის გაკეთებაში მონაწილეობ, ავტომატურად კარგავ ადამიანების ნდობას და რეპუტაცია გელახება. ასევე, ძალიან მკაცრად ვიცავ ბალანსს სარეკლამო კონტენტსა და ავთენტიკურობას შორის. თუ კონტენტის დიდი ნაწილი პირდაპირ რეკლამად იქცა, აუდიტორია ინტერესს კარგავს. ამიტომ, სარეკლამო გზავნილი ჩემს ყოველდღიურობაში ყოველთვის ორგანულად არის ჩართული".

საქართველოში კონტენტ კრეატორობის ინდუსტრიას ნიკა სანთელაძე პერსპექტიულად აფასებს. ამბობს, რომ დღეს ქართულ ციფრულ სივრცეში არის უამრავი დამწყები თუ გამოცდილი კრეატორი, რომლებიც სხვებისთვის შთაგონების წყაროდ იქცნენ. თავად დიდი სურვილი აქვს, რომ სამომავლოდ თავისი კონტენტი საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიტანოს. თუმცა, აცნობიერებს, რომ გლობალურ ბაზარზე მაღალი კონკურენციაა და აუდიტორიას სრულიად განსხვავებული, უნიკალური პროდუქტი უნდა შესთავაზოს. ამისთვის კი, პირველ რიგში, შესაბამისი ტექნიკური რესურსი და გადაღების ხარისხის გაუმჯობესებაა საჭირო.

დღეს, როცა ნიკამ საკუთარი საყვარელი ჰობი სოციალურ ქსელში წარმატებულ კონტენტად აქცია და ირგვლივ უამრავი ერთგული მაყურებელი შემოიკრიბა, ზუსტად იცის, რომ სწორი არჩევანი გააკეთა, როცა საკუთარ გულსა და გულწრფელ ინტერესებს დაუჯერა. თავადაც სწორედ ამას ურჩევს ყველა დამწყებ კრეატორს – რისი კეთებაც გულით სურთ, ბოლომდე ეცადონ მის შესრულებას:

"თუ გულით გინდათ ამ საქმის კეთება, ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, არასდროს დანებდეთ. არ მოუსმინოთ არავის, ვინც გეუბნებათ, რომ არაფერი გამოგივათ – მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი თავის!"