Sponsored Content

Kvareli Lake Resort – განვითარება, რომელიც გამოცდილებად იქცევა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Kvareli Lake Resort-მა ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე "2025 წლის საუკეთესო რეზორტის" ტიტული მოიპოვა. გამარჯვებულები 28 ოქტომბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ მე-11 საზეიმო ცერემონიაზე გამოავლინეს. 2026 წელს კონკურსში ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროს 190 ნომინანტი მონაწილეობდა, ჯილდოები კი 35 ნომინაციაში გაიცა. წლევანდელი შეფასების პროცესი განახლებული მეთოდოლოგიით, საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია "გრანთ თორნთონის" ჩართულობით წარიმართა.

კახეთში, კერძო ტბისა და მთების გარემოცვაში მდებარე Kvareli Lake Resort ბუნებრივ გარემოს, თანამედროვე არქიტექტურასა და ქართულ სტუმარმასპინძლობას აერთიანებს. დღეს რეზორტი 100 ნომერს მოიცავს და სტუმრებს მრავალფეროვან გამოცდილებებს სთავაზობს – მშვიდი დასვენებიდან და სპა-პროცედურებიდან დაწყებული, გასტრონომიული აქტივობებითა და წყლის სპორტით დამთავრებული. ამასთან, მისი ინფრასტრუქტურა კორპორაციული შეხვედრებისა და სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობასაც იძლევა.

"წლის საუკეთესო რეზორტის" ტიტული გუნდისთვის არა მხოლოდ პროფესიული აღიარება, არამედ განვითარების გაგრძელების პასუხისმგებლობაცაა. Kvareli Lake Resort-ის მიზანი არსებული შეთავაზებების გაუმჯობესება, ველნესისა და გასტრონომიული მიმართულებების განვითარება, საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერება და სტუმრებისთვის ახალი, ადგილობრივ კულტურასთან დაკავშირებული გამოცდილებების შექმნაა.

Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუში Kvareli Lake Resort-ის გენერალური მენეჯერი, თეკო ლეშკაშელი საუბრობს რეზორტის შექმნის ისტორიაზე, მის მთავარ განმასხვავებელ მახასიათებლებზე, სტუმრებისთვის შეთავაზებულ გამოცდილებებსა და მომსახურების ხარისხის მნიშვნელობაზე. ასევე გვიზიარებს, რას ნიშნავს გუნდისთვის მიღებული ჯილდო და რა გეგმები აქვს რეზორტს სამომავლოდ.

პირველ რიგში, მოგვიყევით "ყვარლის ტბის რეზორტის" შექმნის ისტორიაზე. როდის გაჩნდა კურორტის დაარსების იდეა, რა იყო მისი მთავარი მიზანი და როგორ ჩამოყალიბდა დღევანდელი კონცეფცია?

Kvareli Lake Resort-ის კონცეფციის საფუძველი თავიდანვე იყო უნიკალური ბუნებრივი გარემოსა და მაღალი ხარისხის სტუმარმასპინძლობის გაერთიანება. კახეთში, მთებით გარშემორტყმული ტბის ირგვლივ, არსებობდა შესაძლებლობა, შექმნილიყო ადგილი, რომელიც სტუმრებს არა მხოლოდ განთავსებას, არამედ სრულფასოვან დასვენებას შესთავაზებდა.

რეზორტის განვითარება ეტაპობრივად მიმდინარეობდა. თავდაპირველ ინფრასტრუქტურას მოგვიანებით დაემატა ახალი, თანამედროვე არქიტექტურის შენობა, გაფართოვდა განთავსების შესაძლებლობები და განვითარდა დასვენებისა და ღონისძიებების მიმართულებები.

დღეს Kvareli Lake Resort 100 ნომერს აერთიანებს და მისი კონცეფცია ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ტრადიციული სასტუმროს მომსახურება. ჩვენი მიზანია, სტუმარს ერთ სივრცეში შევთავაზოთ ბუნება, კომფორტი, გასტრონომია, გამაჯანსაღებელი გამოცდილებები და მრავალფეროვანი აქტივობები.

ამ განვითარების პროცესში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო რეზორტის მთავარი ღირებულების შენარჩუნება – ბუნებრივი გარემო, რომელიც ყვარლის ტბას განსაკუთრებულს ხდის.

რა არის "ყვარლის ტბის რეზორტის" მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ქართულ სასტუმრო და ტურისტულ ბაზარზე? როგორ აერთიანებთ ბუნებრივ გარემოს, თანამედროვე არქიტექტურასა და ქართულ სტუმარმასპინძლობას?

ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა ის გარემოა, რომელშიც რეზორტი მდებარეობს. კერძო ტბა, მთები, ალაზნის ველის ხედები და ფართო ბუნებრივი სივრცე ქმნის გამოცდილებას, რომლის ხელოვნურად გამეორება პრაქტიკულად შეუძლებელია.

თუმცა, თანამედროვე სასტუმრო ბიზნესში მხოლოდ კარგი მდებარეობა წარმატებისთვის საკმარისი აღარ არის. გადამწყვეტია, როგორ აქცევ ამ უპირატესობას სტუმრისთვის რეალურ ღირებულებად.

სწორედ ამ მიდგომით ვითარდება ჩვენი ინფრასტრუქტურაც. თანამედროვე არქიტექტურა ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიას ქმნის, ხოლო ნომრების დაგეგმარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სივრცესა და ხედებს. რეზორტის 100-ვე ნომერს საკუთარი აივანი აქვს, რაც სტუმარს ბუნებასთან მუდმივი კავშირის შესაძლებლობას აძლევს.

ჩვენთვის ქართული სტუმარმასპინძლობა მხოლოდ ტრადიციული დახვედრა არ არის. ეს არის ყურადღება დეტალების მიმართ, გულწრფელი დამოკიდებულება და სურვილი, რომ თითოეულმა სტუმარმა თავი განსაკუთრებულად იგრძნოს.

სწორედ ბუნების, არქიტექტურისა და მომსახურების ამ ერთობლიობაში ვხედავთ Kvareli Lake Resort-ის მთავარ განმასხვავებელ ნიშანს.

რა გამოცდილებებს სთავაზობთ სტუმრებს დღეს? რამდენად მრავალფეროვანია შეთავაზება დასვენების, გამაჯანსაღებელი აქტივობების, გასტრონომიისა და საქმიანი ღონისძიებების მიმართულებით?

თანამედროვე მოგზაური სულ უფრო ხშირად ეძებს არა მხოლოდ დასვენების ადგილს, არამედ გამოცდილებას. ამიტომ ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სერვისების მრავალფეროვნებაა.

Kvareli Lake Resort სტუმრებს სთავაზობს როგორც მშვიდ, ბუნებაზე ორიენტირებულ დასვენებას, ისე აქტიურ და გამაჯანსაღებელ გამოცდილებებს. რეზორტში ფუნქციონირებს შიდა და მთელი წლის განმავლობაში მოქმედი გამთბარი გარე აუზი, ორი სრულფასოვანი სპა-სივრცე, საუნები, მასაჟისა და გამაჯანსაღებელი პროცედურების ოთახები, ასევე ფიტნეს-სივრცე.

სპა მიმართულებით ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა პრემიუმ ფრანგულ ბრენდ Vinésime-თან თანამშრომლობა, რომლის გამოცდილებაც კახეთში ექსკლუზიურად ჩვენს რეზორტშია ხელმისაწვდომი.

აქტიური დასვენების მოყვარულებს შეუძლიათ ისარგებლონ ტბის წყლის ველოსიპედებით, ველოსიპედებითა და სხვადასხვა გარე აქტივობით. ამასთან, ვავითარებთ ველნეს მიმართულებასაც, რომელიც იოგას, პილატესსა და სხვა გამაჯანსაღებელ გამოცდილებებს მოიცავს.

განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გასტრონომიას. ქართული და ევროპული სამზარეულოს გარდა, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, უშუალოდ ჩაერთონ ქართული კულინარიული ტრადიციების გაცნობაში – მათ შორის ხინკლის მოხვევისა და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასებში.

მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქმიანი ტურიზმიც. რეზორტის საკონფერენციო სივრცეები და ინფრასტრუქტურა საშუალებას გვაძლევს, ვუმასპინძლოთ კორპორაციულ შეხვედრებს, ტრენინგებს, თიმბილდინგებსა და სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიებებს. განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს საქორწილო ღონისძიებებიც.

ჩვენი მიზანია, სტუმარს სხვადასხვა მიზეზით ჰქონდეს ყვარლის ტბაზე დაბრუნების სურვილი.

როგორია თქვენი ძირითადი სამიზნე აუდიტორია? რა ტიპის სტუმრები ირჩევენ ყველაზე ხშირად "ყვარლის ტბის რეზორტს" და როგორ პასუხობთ განსხვავებული სეგმენტების საჭიროებებს?

Kvareli Lake Resort-ის ერთ-ერთი ძლიერი მხარე სწორედ მრავალფეროვანი აუდიტორიის მასპინძლობის შესაძლებლობაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი სეგმენტია ადგილობრივი ბაზარი – ოჯახები, წყვილები და ადამიანები, რომლებსაც ქალაქის ყოველდღიური რიტმისგან განსხვავებულ გარემოში დასვენება სურთ. ამასთან, აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე და ვავითარებთ თანამშრომლობას ტურისტულ სააგენტოებსა და კორპორაციულ პარტნიორებთან.

ცალკე მიმართულებაა საქმიანი ტურიზმი, სადაც მოთხოვნა მხოლოდ საკონფერენციო სივრცეზე აღარ შემოიფარგლება. კომპანიებს სურთ ისეთი გარემო, რომელიც სამუშაო პროცესს, გუნდის განვითარებასა და არაფორმალურ ურთიერთობებს გააერთიანებს.

სხვადასხვა სეგმენტს განსხვავებული მოლოდინი აქვს. ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია კომფორტი და აქტივობების მრავალფეროვნება, წყვილებისთვის – სიმშვიდე და პირადი სივრცე, კორპორაციული ჯგუფებისთვის კი მოქნილი ორგანიზება და მომსახურების ხარისხი.

ჩვენი მიდგომაა არა ერთი უნივერსალური პროდუქტის შეთავაზება, არამედ არსებული შესაძლებლობების სხვადასხვა აუდიტორიის საჭიროებებზე მორგება.

რამდენად მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხი და სტუმრების უკუკავშირი კურორტის ყოველდღიურ საქმიანობაში? როგორ მუშაობთ მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესებასა და სტუმრებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნაზე?

სასტუმრო ბიზნესში ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია, თუმცა საბოლოო შეფასებას სტუმარი მომსახურების ხარისხის მიხედვით აკეთებს.

ჩვენთვის სტუმრის გამოცდილება იწყება დაჯავშნის მომენტიდან და გრძელდება მისი გამგზავრების შემდეგაც. სწორედ ამიტომ, უკუკავშირი ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ყურადღებით ვაკვირდებით სტუმრების შეფასებებს, როგორც პირდაპირი კომუნიკაციისას, ისე ონლაინპლატფორმებზე. დადებითი შეფასებები გვეხმარება გავიგოთ, რას ვაკეთებთ სწორად, ხოლო კრიტიკული უკუკავშირი გვაძლევს შესაძლებლობას, დავინახოთ კონკრეტული მიმართულებები, სადაც გაუმჯობესებაა საჭირო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუმრის კომენტარი მხოლოდ პასუხის გაცემით არ დასრულდეს – ის რეალური ცვლილების საფუძველი უნდა გახდეს.

ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ჩვენს თანამშრომლებს აქვთ. რეზორტის წარმატება დამოკიდებულია ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან სტუმრის გამოცდილებას. შესაბამისად, გუნდის პროფესიული განვითარება, დეპარტამენტებს შორის კოორდინაცია და მომსახურების სტანდარტების მუდმივი გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

გვჯერა, რომ მაღალი ხარისხის სტუმარმასპინძლობა ერთჯერადი შედეგი არ არის – ეს ყოველდღიური მუშაობის კულტურაა.

"ყვარლის ტბის რეზორტმა" ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო რეზორტის" ტიტული მოიპოვა. რას ნიშნავს ეს აღიარება თქვენი გუნდისთვის და რამდენად მნიშვნელოვანი იყო თავად დაჯილდოებაში მონაწილეობა?

ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე "2025 წლის საუკეთესო რეზორტის" ტიტულის მოპოვება Kvareli Lake Resort-ისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა და ჩვენი განვითარების გზაზე განსაკუთრებული ეტაპია.

ეს გამარჯვება, პირველ რიგში, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმის, თავდადებისა და ყოველდღიური შრომის აღიარებაა. სასტუმროს წარმატებას ქმნიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დეპარტამენტში განსხვავებული პასუხისმგებლობებით ერთი საერთო მიზნისთვის მუშაობენ.

ამავდროულად, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ჩვენს სტუმრებს. მათი ნდობა, ერთგულება და ჩვენთან ერთად შექმნილი გამოცდილებები არის ის, რაც რეზორტის განვითარებას რეალურ მნიშვნელობას ანიჭებს.

დაჯილდოებაში მონაწილეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ კონკურსის შედეგის გამო, არამედ იმისთვისაც, რომ საკუთარი საქმიანობა ინდუსტრიის მასშტაბით შეგვეფასებინა.

ეს ტიტული ჩვენთვის ერთდროულად სიამაყეც არის და პასუხისმგებლობაც. როდესაც წლის საუკეთესო რეზორტად გასახელებენ, ეს კიდევ უფრო მაღალ მოლოდინს ქმნის, რომელსაც ყოველდღიური საქმიანობით უნდა უპასუხო.

წლევანდელ კონკურსში 190 ნომინანტი მონაწილეობდა, შეფასება კი განახლებული მეთოდოლოგიითა და "გრანთ თორნთონის" ჩართულობით წარიმართა. თქვენი აზრით, რა ფაქტორებმა განაპირობა ჟიურის გადაწყვეტილება და რა მნიშვნელობა აქვს ამგვარ პროფესიულ შეფასებას ინდუსტრიისთვის?

ჟიურის გადაწყვეტილების კონკრეტულ მოტივებზე საუბარი ჩვენი მხრიდან სწორი არ იქნებოდა, თუმცა ვფიქრობთ, Kvareli Lake Resort-ის ძლიერი მხარე მისი კომპლექსური შეთავაზებაა.

რეზორტი აერთიანებს გამორჩეულ ბუნებრივ მდებარეობას, თანამედროვე ინფრასტრუქტურას, მრავალფეროვან მომსახურებასა და სხვადასხვა ტიპის სტუმარზე მორგებულ გამოცდილებებს. ამასთან, ბოლო წლებში განხორციელებული განვითარება აჩვენებს, რომ ჩვენი მიზანი მხოლოდ არსებული უპირატესობების შენარჩუნება არ არის – მუდმივად ვცდილობთ პროდუქტის გაუმჯობესებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას.

რაც შეეხება თავად დაჯილდოებას, მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის ინდუსტრიაში არსებობდეს პროფესიული შეფასების პლატფორმები, რომლებიც კომპანიებს საკუთარი საქმიანობის უფრო ფართო კონტექსტში დანახვის შესაძლებლობას აძლევს.

190 ნომინანტის მონაწილეობა კონკურენციის მასშტაბზეც მიუთითებს. განახლებული მეთოდოლოგია და "გრანთ თორნთონის" ჩართულობა კი შეფასების პროცესის სანდოობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

ასეთი აღიარება მხოლოდ კონკრეტული კომპანიის წარმატება არ არის. ის ხელს უწყობს ხარისხის მიმართ მოლოდინების ზრდას, ჯანსაღ კონკურენციას და მთლიანად ქართული სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებას.

რა გეგმები აქვს "ყვარლის ტბის რეზორტს" სამომავლოდ? იგეგმება თუ არა ახალი სერვისების, გამოცდილებების ან ინფრასტრუქტურის განვითარება და რა მიმართულებით გსურთ კურორტის კიდევ უფრო გაძლიერება?

ჩვენი მთავარი სტრატეგიული მიმართულება Kvareli Lake Resort-ის, როგორც მრავალფუნქციური დასვენებისა და გამოცდილებების დანიშნულების ადგილის, შემდგომი განვითარებაა.

მომავალში განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ იმ მიმართულებებს, რომლებზეც სტუმრების მოთხოვნა იზრდება – ველნესსა და სპა გამოცდილებებს, გასტრონომიულ აქტივობებს, კორპორაციულ ღონისძიებებსა და ადგილობრივ კულტურასთან დაკავშირებულ შეთავაზებებს.

მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენი პოზიციების გაძლიერებაც. ამ მიმართულებით ვხედავთ შესაძლებლობას, გავაფართოოთ პარტნიორული ქსელი, გავზარდოთ რეზორტის ცნობადობა და უფრო მრავალფეროვან აუდიტორიას გავაცნოთ კახეთის ტურისტული პოტენციალი.

ამავდროულად, გვინდა უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ ადგილობრივ მწარმოებლებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, რათა სტუმრებისთვის შევქმნათ ავთენტიკური გამოცდილებები, რომლებიც კახეთის კულტურასა და ტრადიციებს თანამედროვე ფორმით წარმოაჩენს.

ჩვენთვის განვითარება მხოლოდ ახალი ინფრასტრუქტურის დამატებას არ ნიშნავს. ის გულისხმობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, გუნდის გაძლიერებას და ისეთი გამოცდილებების შექმნას, რომლებიც სტუმარს დაბრუნების სურვილს უჩენს.

"წლის საუკეთესო რეზორტის" ტიტული ჩვენთვის მიღწეული შედეგის აღიარებაა, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი კვლავ წინსვლა და განვითარებაა