BetterStep: ტექნოლოგია, რომელიც დამოკიდებულების მკურნალობის ახალ მეთოდებს ამკვიდრებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების მკურნალობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ იწყება, მაშინ, როდესაც პაციენტი კლინიკას ტოვებს და ყოველდღიურ ცხოვრებას უბრუნდება. სწორედ ამ ეტაპზე განმეორებითი რისკის შესამცირებლად შეიქმნა ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი BetterStep, რომელიც პაციენტების ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ცდილობს.

როგორ მუშაობს BetterStep, რა პრობლემის გადაჭრას ცდილობს პლატფორმა და როგორია მისი გლობალური განვითარების გეგმები, ამ საკითხებზე Entrepreneur BetterStep-ის თანადამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, დავით ხარიტონაშვილს ესაუბრა.

როგორ გაჩნდა იდეა, რომ ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის პროცესში სწორედ ტექნოლოგიური გადაწყვეტა შეგექმნათ? რა პრობლემა დაინახეთ არსებულ სისტემაში, რომელსაც ტრადიციული მიდგომები სათანადოდ ვერ პასუხობდა?

იდეა ჩემს პარტნიორს, ერეკლე გველესიანს, ეკუთვნის. მისი მოსმენის შემდეგ იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი, რომ დავთანხმდი, მასთან ერთად ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მემუშავა ამ პროექტზე.

მას შემდეგ, რაც დამოკიდებულების მქონე ადამიანები გაივლიან 2–3-თვიან რეაბილიტაციას, ისინი ტოვებენ კლინიკებს და უბრუნდებიან თავიანთ ცხოვრებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში მათი დამოკიდებულების გამომწვევ გარემოს წარმოადგენს. ამიტომაც, სამწუხაროდ, სტატისტიკურად, სახლში დაბრუნებიდან ერთი წლის განმავლობაში მათი 60–70% კვლავ დამოკიდებულებას უბრუნდება. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 80%-საც კი აღწევს.

ჩვენი მოკვლევით, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

2–3-თვიანი კურსი არ არის საკმარისი სრული ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის. ამას მინიმუმ 1–2 წელი სჭირდება.

სარეაბილიტაციო ცენტრის დატოვების შემდეგ საშუალო პაციენტი კვირაში დაახლოებით 10 საათის განმავლობაში განიცდის ლტოლვას, საკუთარ სუპერვაიზერთან კონტაქტი კი ზოგიერთ მათგანს კვირაში მხოლოდ ერთი საათით აქვს. უხეშად რომ წარმოვიდგინოთ, ერთ ყურში 10 საათის განმავლობაში გესმით ხმა, რომელიც მოხმარებისკენ გიბიძგებთ, ხოლო მეორე ყურში მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში გესმით საპირისპირო ხმა.

ადამიანური რესურსებიდან გამომდინარე, სარეაბილიტაციო ცენტრებისთვის შეუძლებელია ასობით ყოფილი პაციენტის ყოველდღიური მონიტორინგი. ყოველ შემთხვევაში, BetterStep-მდე ეს შეუძლებელი იყო.

კონკრეტულად რას აკეთებს თქვენი პლატფორმა პაციენტისთვის და მკურნალობის რომელ ეტაპზე ერთვება? როგორ გამოიყურება მისი შედეგი რეალურ ცხოვრებაში?

ჩვენი პლატფორმა ამ ეტაპზე პოსტრეაბილიტაციური პერიოდისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ვმუშაობთ ვერსიაზე, რომელიც უშუალოდ რეაბილიტაციის პროცესში მყოფ პაციენტებსაც გამოადგებათ.

აპლიკაცია კლინიკებს ეხმარება, ყოველდღიური ზედამხედველობა გაუწიონ ყველა იმ პაციენტს, რომელმაც რეაბილიტაცია გაიარა.

ეს ზედამხედველობა ორგვარია:

ერთი არის ფსიქოლოგიური მონიტორინგი, აპლიკაციაში პაციენტები გადიან ყოველდღიურ ჩექ-ინს და ავსებენ მოკლე ფსიქოლოგიურ კითხვარებს, რათა დავინახოთ მათი განწყობის, თავდაჯერებისა და ლტოლვის ტრაექტორია, ფსიქოლოგიურად გაუმჯობესებისკენ მიდიან თუ მდგომარეობა უარესდება.

აქამდე ეს ფსიქოლოგთან ან სუპერვაიზერთან ყოველკვირეული შეხვედრების საშუალებით ხდებოდა. თუმცა დროთა განმავლობაში ბევრი პაციენტი ასეთ შეხვედრებზე სიარულს წყვეტს. ჩვენ მათ საშუალებას ვაძლევთ, ეს პროცესი ყოველდღიურად, ხუთ წუთში და სრულად დისტანციურად გაიარონ.

მეორე არის ფიზიოლოგიური მონიტორინგი, გვაქვს ჭკვიანი სამაჯურები, რომლებიც ზომავენ პაციენტის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას: გულისცემას, გულისცემის ვარიაბელობას, ტემპერატურას, დაძინებისა და გაღვიძების დროს, ძილის ხარისხს. საბოლოოდ, ალგორითმს გამოჰყავს მათი ფიზიოლოგიური სტრესისა და ჯანმრთელობის ქულა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულისცემის ვარიაბელობის გამოთვლა, რადგან კვლევებმა აჩვენა პირდაპირი კავშირი ამ ბიომარკერსა და რეციდივს შორის. შესაბამისად, ჩვენს ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია გამოთვალოს თითოეული პაციენტის რეციდივთან გამკლავების ალბათობა.

BetterStep-ის დახმარებით კლინიკა და მისი სპეციალისტები ყოველდღიურად ხედავენ თავიანთი პაციენტების როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. ასობით პაციენტიდან მარტივად შეუძლიათ დაადგინონ, კონკრეტულად ვის სჭირდება დახმარება დღეს, ვისთან აჯობებს დაკავშირება და ამ გზით თავიდან აირიდონ პოტენციური რეციდივი.

ამის გარდა, აპლიკაციას უამრავი სხვა ფუნქციონალიც აქვს, თუმცა ეს არის ჩვენი საწყისი, ძირითადი მიმართულება.

ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების მკურნალობა განსაკუთრებით რთული და მგრძნობიარე სფეროა. რა იყო ყველაზე რთული ამ პრობლემის ტექნოლოგიურ პროდუქტად გარდაქმნისას?

ეს ნამდვილად რთული საკითხია, რაც დამატებით მოტივაციას გვაძლევს, რომ ვიბრძოლოთ. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ყველას, მათ შორის BetterStep-ის გუნდის წევრებს, გვყავს ახლობელი ან ოჯახის წევრი, რომლის ცხოვრებაც ნარკოდამოკიდებულებამ დაანგრია. ამიტომ ჩვენთვის ეს სტარტაპი პირადი ემოციის მატარებელიცაა.

საერთო ჯამში, ყველაზე რთული იყო დასავლეთში სტანდარტიზებული მკურნალობის მეთოდოლოგიებისა, მაგალითად, CBT-ისა და ACT-ის, და არატრადიციული მიდგომების, მათ შორის 12-ნაბიჯიანი პროგრამის, ისეთი სიმბიოზის შექმნა, რომელიც ორივე მიდგომიდან საუკეთესოს აიღებდა.

ასევე რთული იყო ჩვენი ხელოვნური ინტელექტის ალგორითმის დახვეწა, რომელიც განსაზღვრავს, რომელ პაციენტს უჭირს კონკრეტულ დღეს და ვისი დახმარება უნდა გახდეს პრიორიტეტული.

MVP-დან რეალურ კლინიკურ გარემომდე საკმაოდ დიდი გზაა. რა გასწავლათ საპილოტე ეტაპმა ისეთი, რასაც პროდუქტის შექმნისას ვერ წარმოიდგენდით?

პირველი MVP, რომელიც მრავალთვიანი შრომისა და წვალების შემდეგ შევქმენით, სრულიად განსხვავებული იყო იმისგან, რაც დღეს გვაქვს.

საერთო ჯამში, უმნიშვნელოვანესია ფოკუსჯგუფები და რეალურ კლიენტებთან, ჩვენს მომხმარებლებთან მუდმივი კავშირი. სწორედ მათი უკუკავშირის საფუძველზე უფრო და უფრო ვცვლიდით და ვხვეწდით პროდუქტს. ეს პროცესი დღესაც გრძელდება და ახლაც უამრავ განახლებაზე ვმუშაობთ.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ყველა პარტნიორს: "ნებას", "გამოსავალს", მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკას, "რესტარტს", "ზენსა" და "ელიზიუმს", რომლებიც პირველივე შეხვედრის შემდეგ გახდნენ ჩვენი პარტნიორები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავიანთი მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარებით პროდუქტის დახვეწაში დაგვეხმარნენ.

დღეს სისტემა უკვე გამოიყენება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კლინიკებში. რა უკუკავშირი მიიღეთ ექიმებისა და პაციენტებისგან და უკვე ჩანს თუ არა კონკრეტული შედეგები, რომლებიც პროდუქტის ეფექტიანობაზე მიგანიშნებთ?

აპლიკაცია და კლინიკის CRM სისტემა საპილოტე რეჟიმში გაეშვა. პირველ ეტაპზე მიმდინარეობს ხარვეზების გასწორება, ამის შემდეგ კი დავიწყებთ კვლევას, რომელსაც დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდება.

პირველი რეალური შედეგი, რომელიც მალევე გამოჩნდა, არის ის სარგებელი, რომელიც CRM სისტემასა და მონაცემების ელექტრონულად დამუშავებას მოაქვს.

მარტივად რომ ვთქვათ, კლინიკებს საქმიანობა მნიშვნელოვნად უმარტივდებათ, როდესაც ერთ სივრცეში შეუძლიათ ლიდების მართვა, პაციენტებისთვის სერვისების დაჯავშნა, ბუღალტრული აღრიცხვა, პაციენტების მონაცემების შენახვა და განახლება და, ამ ყველაფერთან ერთად, უკვე მათი 24/7 რეჟიმში ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ანალიზიც.

ამბობთ, რომ მსგავსი პროდუქტი დღეს ბაზარზე პრაქტიკულად არ არსებობს. კონკრეტულად რაში მდგომარეობს თქვენი მთავარი ინოვაცია და რით განსხვავდება ის იმ ციფრული თუ სამედიცინო ინსტრუმენტებისგან, რომლებიც დამოკიდებულების მკურნალობაში უკვე გამოიყენება მსოფლიოში?

ამჟამად რამდენიმე კომპანია და საუნივერსიტეტო პროგრამაა, ორი ამერიკაში და ერთი შვეიცარიაში, რომლებიც დამოკიდებულებასთან ბრძოლაზე მუშაობენ ფიზიოლოგიური ბიომარკერების მონიტორინგითა და იმ მეთოდების გამოყენებით, რომლებიც ჩვენც გვაქვს აპლიკაციაში. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, მათგან ბაზარზე ჯერ არცერთი არ არის ჩაშვებული.

მიზეზი, რის გამოც ეს მიდგომა აქამდე ბაზრის სტანდარტად არ ქცეულა, ისაა, რომ ჭკვიანი სამაჯურებისა და სხვა მოწყობილობების ტარება, რომლებიც მუდმივად აკვირდებიან ჩვენს ფიზიოლოგიურ მდგომარეობას, ახლა ხდება ტრენდული, მაგალითად, Whoop, Oura, Garmin და სხვა.

პირველ რიგში, ამ ინოვაციამ სპორტულ სამყაროში დაიმკვიდრა თავი. დღეს თითქმის ყველა ელიტარული ათლეტი ატარებს მსგავს მოწყობილობას, რათა საკუთარი ბიომარკერების ანალიზი შეძლოს. ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვართ, ვინც იგივე მიდგომა ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის მიმართულებით გადმოიტანა.

ასეთ პროდუქტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხებია პაციენტის პირადი მონაცემები, ნდობა და ეთიკა. როგორ არის ეს პრინციპები გათვალისწინებული სისტემის დიზაინსა და მუშაობაში?

ამ საკითხს ძალიან მკაცრად ვუდგებით. აპლიკაცია ითვალისწინებს GDPR-ისა და HIPAA-ს სტანდარტებს.

გარდა ამისა, ნებისმიერ პაციენტს შეუძლია ჩვენს პლატფორმაზე სრულად ანონიმურად დარეგისტრირდეს.

ყველა პაციენტი, იქნება ის კლინიკიდან მოსული თუ B2C მომხმარებელი, თავად ირჩევს, რა ინფორმაცია მიაწოდოს კლინიკას და რა ინფორმაცია დატოვოს მხოლოდ თავისთვის. ამ არჩევანის შეცვლა მას ნებისმიერ დროს შეუძლია.

ყველა სახის ინფორმაცია, რა თქმა უნდა, დაშიფრულია. საკუთარი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის გარდა, პაციენტებს ასევე შეუძლიათ აპლიკაციაში ონლაინთერაპიებსა და სესიებს სრულად ანონიმურად დაესწრონ.

GITA-ს გამარჯვებამ პროექტის განვითარებაში რა შეცვალა? მხოლოდ დაფინანსების თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი, თუ ამ ეტაპმა პროდუქტის მიმართულებაზეც მოახდინა გავლენა?

პირველ რიგში, GITA დაგვეხმარა იდეის ვალიდაციაში. მოგეხსენებათ, GITA-ს ტრენერები და ჟიურის წევრები უმაღლესი რანგის პროფესიონალები არიან, რომლებსაც სტარტაპების განვითარების მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვთ.

მათ მიერ ჩვენი იდეის ვალიდაციამ მეტი თავდაჯერება მოგვცა. გამარჯვებამ და გრანტმა კი ხელი შეგვიწყო იმ ხარჯებთან გამკლავებაში, რომლებიც მსგავსი პროექტის შემთხვევაში საკმაოდ დიდია.

ასევე, GITA-ს აქსელერატორის წარმატებით გავლა ნებისმიერ სტარტაპს სანდოობას მატებს და მეტ კარს უხსნის როგორც პოტენციურ ინვესტორებთან, ისე სხვა სააქსელერაციო პროგრამებთან ურთიერთობისას.

თქვენი შეფასებით, პროდუქტი დღეს საკუთარი შესაძლებლობების მხოლოდ 10–15%-ს იყენებს. რას ნიშნავს დარჩენილი 85–90% ანუ რა შეუძლია ამ სისტემას მომავალში, რასაც დღეს ვერ აკეთებს?

ამჟამად აპლიკაციაში გვაქვს თვითდახმარების სხვადასხვა ინსტრუმენტი: მედიტაციები, აფირმაციები, სარელაქსაციო თერაპიული ხმები, ჟურნალის წარმოება, ფსიქოგანათლების სავარჯიშოები, ყოველდღიური ჩექ-ინი, ბიომარკერების მონიტორინგი, ონლაინსაზოგადოება, ონლაინთერაპიისა და შეხვედრების ოთახები. თუმცა ეს ყველაფერი ჯამური პოტენციალის მხოლოდ 10–15%-ია.

ამჟამად ვაახლებთ ჩვენს ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც, ფაქტობრივად, პაციენტების გამოჯანმრთელების თანამგზავრი გახდება. ვამატებთ CBT-ისა და ACT-ის სავარჯიშოებს. ასევე ვამატებთ ნარკოდამოკიდებულების მიღმა სხვა აშლილობებთან, მათ შორის შფოთვასა და დეპრესიასთან, გასამკლავებელ ინსტრუმენტებს.

ვამატებთ Contingency Management-ის მიდგომასაც. გვინდა, ყველა პაციენტი, რომელიც ყოველდღიურ დავალებებს შეასრულებს, რეალურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი საჩუქრებით დავაჯილდოოთ. ეს შეიძლება იყოს თერაპევტებთან უფასო სესიები, ფასდაკლებები სპორტდარბაზებში და სხვა მრავალი შესაძლებლობა.

თუ საქართველოში მიმდინარე პილოტი წარმატებულ მოდელად ჩამოყალიბდა, რამდენად მარტივად შეიძლება მისი სხვა ქვეყნებში გადატანა და რა არის საბოლოო მიზანი?

ამჟამად უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე კლინიკასთან როგორც ევროპაში, ისე ახლო აზიასა და ამერიკაში.

სტარტაპის სამიზნე გლობალური ბაზარია. მასზე წარმატებით გასვლის შემდეგ კი გვინდა, საქართველოში, როგორც BetterStep-ის დაბადების ქვეყანაში, აპლიკაცია სამუდამოდ უფასო გავხადოთ.