ახალი ხედვა ინდუსტრიაში – როგორ აქცევს მეცნიერი სამედიცინო სერვისს სრულყოფილი ცხოვრების გამოცდილებად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სტომატოლოგია დიდი ხანია გასცდა უბრალო სამედიცინო მანიპულაციების ჩარჩოებს. დღეს ეს არის სფერო, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიები, სამეცნიერო სიზუსტე და ესთეტიკის ხელოვნება ახალ სიმაღლეებს აღწევს. სწორედ ამ გზაჯვარედინზე იბადება ქართულ ბაზარზე ახალი, ამბიციური კონცეფციის ბრენდი "მეცნიერი".

როგორ გადაიქცევა პროფესიული ექსპერტიზა გლობალური მასშტაბის ხედვად? როგორ შეიძლება სტომატოლოგია გასცდეს ტექნიკური მომსახურების ფარგლებს და იქცეს მეცნიერების, ესთეტიკისა და ადამიანის გააზრებული განვითარების ერთიან გამოცდილებად?

"მეცნიერის" დამფუძნებელი, ასოცირებული პროფესორი და ქირურგი, შოთა თედორაძე Entrepreneur-ის კითხვებს პასუხობს და გვიზიარებს, თუ როგორ იქმნება ბრენდი, რომელიც ინდუსტრიის თამაშის წესების შეცვლას გეგმავს.

როდესაც სამედიცინო სფეროში ახალი ბრენდი იბადება, საინტერესოა, საიდან იწყება მისი იდეოლოგიური საძირკველი. რა იყო მთავარი იმპულსი, რამაც "მეცნიერის" შექმნამდე მიგიყვანათ?

ყველაფერი იწყება დასაბამის სწორი გააზრებით და ცნობიერების საზღვრების გარღვევით. დავიწყებ ჩემი შთაგონების მთავარი ადამიანის ისტორიით. სტომატოლოგიის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი XVIII საუკუნეში ფრანგ პიერ ფოშარს უკავშირდება, რომელმაც ეს დარგი უბრალო ხელოსნობას გამოსტაცა და ნამდვილ მეცნიერებად აქცია. ამ ისტორიულმა პრეცედენტმა ჩემში დიდი რეზონანსი და შთაგონება გამოიწვია.

ჩემი პროფესიული გზა ყოველთვის სცდებოდა მხოლოდ ვიწრო კლინიკურ ჩარჩოებს. სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, მუდმივად ვცდილობდი ცნობიერების ჰორიზონტის გაფართოებას, ფილოსოფიის, ხელოვნების, სოციოლოგიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სიღრმეების შეცნობით. მოგვიანებით, პრაქტიკოსი ექიმის გამოცდილებას დაემატა 10-წლიანი აკადემიური მოღვაწეობა წამყვან უნივერსიტეტებში, საერთაშორისო სტუდენტებთან მუშაობა, 2018 წლიდან გლობალური ჯანდაცვის პრინციპების კვლევა ნორვეგიაში და უწყვეტი საგანმანათლებლო ტურნე მსოფლიოს 20 ქვეყნის 50-მდე ქალაქში.

როდესაც ხედავ, თუ როგორ ვითარდება მსოფლიო მედიცინა, ხვდები, რომ მხოლოდ ტექნიკური დახელოვნება საკმარისი არ არის. საჭიროა ფუნდამენტური ხედვა. მინდოდა, შემექმნა სივრცე, რომელშიც ჩემი პროფესიული გამოცდილებისა და ხედვის გაერთიანებას შევძლებდი.

2020 წელს ასე შეიქმნა პიერ ფოშარის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა. მისი ისტორია ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის სტომატოლოგიის მეცნიერული განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევა. მისი მაგალითი გამოხატავს იდეას, რომ პროფესიის განვითარება არსებული პრაქტიკის გააზრებითა და ცოდნის გაფართოებით არის შესაძლებელი.

2020 წელს შექმნილი პირველი პლატფორმა ბუნებრივად განვითარდა და ბრენდ-სტრატეგ გიორგი თაქთაშვილთან ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად დაიბადა ახალი ხედვა და ახალი ბრენდი "მეცნიერი", კონცეპტუალური ეკოსისტემა, სადაც მეცნიერება, ხელოვნება და ტექნოლოგია ერთიანდება და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ინდუსტრიაში.

თქვენი ხედვით ამბობთ, რომ ცნობიერება ქმნის სრულყოფილებას. რა არის თქვენთვის სრულყოფილების საზომი?

ჩემთვის სრულყოფილება არ არის დასრულებული მდგომარეობა, რომელსაც ერთხელ მიაღწევ და შემდეგ ყველაფერი უცვლელი რჩება. სრულყოფილება მუდმივი მოძრაობაა, ახალი ცოდნის ძიება, ცნობიერების გაფართოება და მიღებული ცოდნის რეალურ ცვლილებად გარდაქმნა.

"მეცნიერი" პირველ რიგში სწორედ აქტიურ ძიებას გულისხმობს. გვჯერა, რომ ცნობიერება ქმნის სრულყოფილების შესაძლებლობებს. შესაბამისად მეცნიერი ისწრაფვის, რომ რაც შეიძლება მეტ კითხვას გასცეს პასუხი და ამ პასუხებით შეცვალოს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მის გარშემო მყოფი ადამიანებისა და მთლიანად ინდუსტრიის ცხოვრება. ეს ხომ ყოველი დაბადებული ადამიანის ერთ-ერთი მთავარი მისიაა? სწორედ ამ პასუხისმგებლობას ვაგრძელებთ აქტიურად.

სამყარო ჩვენ თვალწინ წარმოუდგენელი სისწრაფით იცვლება, ამ ცვლილებებს კი სათავეში ტექნოლოგიური პროგრესი უდგას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შთაგვაგონებს და, პირველ რიგში, მეცნიერებს პასუხისმგებლობას გვაკისრებს და გვაძლევს ძალას, სწრაფად ავუწყოთ ფეხი ცვლილებებს, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა პროგრესის ფორმირებაში და ჩვენი წვლილი შევიტანოთ როგორც ინდუსტრიების განვითარებაში, ისე ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში.

"მეცნიერს" აქვს ამბიცია, სათავე დაუდოს ცვლილებებს და მსოფლიოს მოწინავე სამეცნიერო ცენტრებთან ერთად შექმნას სტომატოლოგიური ინდუსტრიის განვითარების ახალი სტანდარტები. ამ გზაზე კი, რა თქმა უნდა, ჩვენი რწმენები გვიძღვება და ძალას გვაძლევს, ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სრულყოფილი ცხოვრების ახალი ხედვა და კულტურა ჩამოვაყალიბოთ.

კლინიკის სახელად "მეცნიერი" შეარჩიეთ. ეს საკმაოდ თამამი სახელია ბიზნესისთვის. რა პასუხისმგებლობას აკისრებს ის ბრენდს?

ეს სახელი ჩემთვის მხოლოდ ბევრ რამეს ნიშნავს. ის განსაზღვრავს მიდგომას და დანიშნულებას, რომლითაც საკუთარ საქმიანობას ვუყურებთ.

"მეცნიერი" გულისხმობს მუდმივ შემეცნებას, კრიტიკულ აზროვნებასა და განვითარების სურვილს. ეს ნიშნავს, რომ არ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ იმით, რაც უკვე ვიცით ან რაც დღეს მიღებულ სტანდარტად ითვლება. უნდა ვსწავლობდეთ, ვაფასებდეთ საკუთარ პრაქტიკას და ვეძებდეთ გაუმჯობესების შესაძლებლობებს.

მინდა, ქართული პროფესიული გამოცდილება საერთაშორისო სამეცნიერო სივრცის აქტიური ნაწილი იყოს. თუმცა ასეთი ამბიცია მხოლოდ სახელით ვერ მიიღწევა, მას ყოველდღიური მუშაობა, გუნდი, ცოდნა და კონკრეტული შედეგები სჭირდება.

ხშირად იყენებთ ცნებას "ცნობიერი სტომატოლოგია". რას ნიშნავს ეს კონცეფცია მომხმარებლისთვის და რა არის "მეცნიერის" მთავარი დაპირება?

"მეცნიერის" კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი სამი მიმართულების მეცნიერების, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების გაერთიანებაა.

მეცნიერება უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების დასაბუთებულ საფუძველს, სიზუსტესა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ მიდგომას. ტექნოლოგიები აფართოებს პროფესიულ შესაძლებლობებს და ზრდის სამუშაო პროცესების სიზუსტეს. ხელოვნება კი ესთეტიკურ ხედვას, პროპორციების აღქმასა და ინდივიდუალური შედეგის შექმნას უკავშირდება.

ამ სინთეზში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თავად ადამიანს. სტომატოლოგიური მომსახურების შედეგი მხოლოდ პროცედურის დასრულებით არ განისაზღვრება. მასთან ერთად მნიშვნელოვანია პაციენტის თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის აღქმა და მიღებული შედეგით კმაყოფილება.

ამიტომ ბრენდი ღიმილს მხოლოდ გარეგნულ მახასიათებლად არ განიხილავს. ის შეიძლება გახდეს ადამიანის თვითგამოხატვის, თავდაჯერებულობისა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.

ამ ხედვის ცენტრალური იდეაა "ცნობიერების ღიმილი". ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური შედეგის აღწერა. ის გამოხატავს ბრენდის ფილოსოფიას, რომლის მიხედვითაც სრულყოფილება ერთჯერადი მიღწევა კი არა, მუდმივი განვითარების პროცესია, მდგომარეობა, როდესაც ცოდნა გააზრებულ არჩევანად, არჩევანი კი რეალურ ცვლილებად იქცევა.

[ ტრანსფორმაცია & ღიმილი ]

ბაზარზე, სადაც კონკურენცია საკმაოდ მაღალია, რა ხდის "მეცნიერს" გამორჩეულს ბიზნესისა და მომსახურების კუთხით?

ჩვენი უპირატესობა ეფუძნება 4 ფუნდამენტურ ღირებულებას: ცნობიერება, შემოქმედებითობა, ტრანსფორმაცია და ქმედება.

  • ქირურგია და თანამედროვე ტექნოლოგიები: ჩვენი გუნდი ფოკუსირებულია რთულ, მრავალკომპონენტიან ქირურგიულ, ორთოპედიულ და ესთეტიკურ რეაბილიტაციაზე. უახლესი აპარატურა და მეცნიერულ ცოდნაზე დაფუძებული დაგეგმარება იძლევა საუკეთსო შედეგებს
  • მულტიდისციპლინური გუნდი: "მეცნიერი" აერთიანებს ამ ეტაპზე 6 წამყვან სპეციალისტს. ეს არის მულტიპროფილური კლინიკა, სადაც პაციენტი იღებს სრულ ციკლს დიაგნოსტიკიდან საბოლოო ესთეტიკურ შედეგამდე
  • აკადემიური და საერთაშორისო ექსპერტიზა: ჩვენი ექიმები არიან თავისუფალი მოაზროვნეები, რომლებიც მუდმივად ჩართული არიან საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკაში
  • პრემიუმ გამოცდილება: კლინიკის ახალი შენობა, ინტერიერი, მომსახურების პროტოკოლი შექმნილია იმისთვის, რომ პაციენტმა იგრძნოს პატივისცემა და უმაღლესი სტადარტი.

როგორია "მეცნიერის" განვითარების სტრატეგია და რა სამომავლო ამბიციები აქვს ბრენდს?

ჩვენ არ შევქმნილვართ მხოლოდ ლოკალურ ჩარჩოებში ოპერირებისთვის. "მეცნიერის" ამბიციური ხედვაა, გახდეს ცნობიერი სტომატოლოგიის გლობალური ლიდერი და აქციოს საქართველო სამედიცინო და ესთეტიკური ინოვაციების ჰაბად.

მენეჯმენტის კულტურა, რომელიც შევქმენით ძლიერ პროფესიონალებთან, მეცნიერებთან, მარკეტოლოგებთან, ფინანსისტებსა და ოპერაციულ მენეჯერებთან ერთად, საშუალებას გვძლევს, ეტაპობრივად განვახორციელოთ ბრენდის გაფართოება. ეს გულისხმობს არა მხოლოდ უმაღლესი სტანდარტის კლინიკურ მომსახურებას, არამედ მომავალი თაობების აღზრდას, საგანმანათლებლო პროექტებსა და გლობალურ სამეცნიერო პრაქტიკაში აქტიურ ჩართვას.

იდეას ღირებულება მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც ის ქმედებაში გადადის. "მეცნიერი" არის ზუსტად ეს ქმედება – ნაბიჯი სრულყოფილების, ცნობიერებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნისკენ.