Soap Surprise: თამაში ბავშვებისთვის, რომელიც სუფთა ჩვევებით იწყება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბავშვებისთვის ხელის დაბანა ხშირად მოსაწყენი ვალდებულებაა, მშობლებისთვის კი ყოველდღიური გამოწვევა, რომელიც მუდმივ შეხსენებასა და მოტივირებას მოითხოვს. სწორედ ამ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი პრობლემის გათვალისწინებით, ლუკა კამკამიძემ, Soap Surprise-ის დამფუძნებელმა, შექმნა პროდუქტი, რომელიც ყოველდღიურ ჰიგიენურ ჩვევას ბავშვებისთვის საინტერესო თამაშად აქცევს.

ბრენდის კონცეფცია მარტივ იდეას ეფუძნება, სუფთა ჩვევები თამაშით იწყება. ხელით დამზადებულ, ფერად და ჰიპოალერგიულ საბავშვო საპნებში პატარა საკოლექციო სათამაშოა დამალული. რაც უფრო ხშირად და ხარისხიანად იბანს ბავშვი ხელს, მით უფრო სწრაფად დნება საპონი და უახლოვდება სიურპრიზს.

"მინდოდა, რადიკალურად შემეცვალა მიდგომა და მოსაწყენი რუტინა თამაშად მექცია. ჩვენი კონცეფცია მარტივია, სუფთა ჩვევები თამაშით იწყება", – ლუკა კამკამიძე, Soap Surprise-ის დამფუძნებელი.

პროდუქტის შექმნისას ავტორებმა ბავშვების ქცევის ფსიქოლოგიასა და გემიფიკაციის პრინციპებზე გააკეთეს აქცენტი. თანამედროვე ციფრულ პროდუქტებში ფართოდ გამოყენებული მეთოდი ყოველდღიური მოხმარების ფიზიკურ პროდუქტში გადაიტანეს, რის შედეგადაც ბავშვებისთვის ჩვეულებრივი ჰიგიენური პროცესი საინტერესო გამოცდილებად იქცა.

"ფაქტობრივად, ავიღეთ თანამედროვე პროდუქტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, გემიფიკაცია, და ის ყოველდღიური მოხმარების ფიზიკურ პროდუქტში გადმოვიტანეთ".

Soap Surprise ერთდროულად ორ პრობლემას პასუხობს, მშობლებს ყოველდღიურ სტრესს უმცირებს, ბავშვებს კი ეხმარება, ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვევა პოზიტიური ემოციებითა და თამაშით გამოიმუშაონ.

ბრენდის ისტორია რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ბიზნესვორქშოფზე იწყება. მაშინ მონაწილეებს ბაზარზე არარსებული პროდუქტის იდეა უნდა შეექმნათ. სწორედ ამ დავალების ფარგლებში გაჩნდა გამჭვირვალე საპნის კონცეფცია, თუმცა თავდაპირველად ის ტურისტულ პროდუქტად იყო ჩაფიქრებული.

"ვფიქრობდი, საპნის შიგნით საქართველოს ღირსშესანიშნაობები, მაგალითად, პატარა სვანური კოშკი მომეთავსებინა. მაშინ იდეა მხოლოდ ვორქშოფის დაფაზე დარჩა, მაგრამ მისი განხორციელების სურვილი წლების განმავლობაში თან დამყვებოდა".

დროთა განმავლობაში იდეამ სრულიად ახალი დანიშნულება შეიძინა. ლუკა მიხვდა, რომ სიურპრიზის ელემენტი გაცილებით მნიშვნელოვანი მიზნისთვის, ბავშვებში ჰიგიენური ჩვევების თამაშით დასამკვიდრებლად, შეიძლებოდა გამოეყენებინა.

თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, იდეა მხოლოდ დასაწყისი იყო. პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა პროდუქტის უსაფრთხოებას ჰქონდა.

"ბაზარზე უბრალოდ მორიგი სათამაშოს მსგავსი პროდუქტის შემოტანა არ მინდოდა. მსურდა შემექმნა უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, რომელიც მომხმარებლის სრულ ნდობას დაიმსახურებდა".

ამ მიზნით მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ისეთი საწარმოს მოძიებას, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად იმუშავებდა. შედეგად, Soap Surprise GMP სტანდარტების მიხედვით იწარმოება, დერმატოლოგიურად დატესტილია, ჰიპოალერგიულია და ბავშვების მგრძნობიარე კანისთვის სრულიად უსაფრთხოა.ლუკას თქმით, ბაზარზე მათი მთავარი სიახლე არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ სრულიად ახალი გამოცდილებაა, ყოველდღიური რუტინის ემოციად ქცევა, სადაც უსაფრთხოება და თამაში ერთმანეთის ბუნებრივი გაგრძელებაა.

Soap Surprise-ის შექმნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდა იმის გამოც, რომ მისი დამფუძნებელი პარალელურად დღემდე აქტიურად მუშაობს ტექინდუსტრიაში, დიგიტალიზაციის მიმართულებით.

"ჩემთვის ნამდვილი სიმამაცე უზარმაზარი პასუხისმგებლობის აღება და ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს პარალელურად მართვაა".

იდეის კონცეფციად ქცევა, შესაბამისი ევროპული საწარმოს მოძიება, უსაფრთხოების სტანდარტების კონტროლი, ბრენდის შექმნა და ლოჯისტიკური პროცესების მართვა 2025 წლის შემოდგომიდან დაიწყო. თვეების განმავლობაში ამ ყველაფერზე მუშაობა ძირითადი სამსახურის დასრულების შემდეგ მიმდინარეობდა.

პროდუქტი საქართველოში 2026 წელს ჩამოვიდა, ბაზარზე ოფიციალური გაშვებისთვის კი სიმბოლურად 1-ლი ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე შეირჩა.

საქართველოში ზაფხული ტრადიციულად ბიზნესისთვის შედარებით პასიურ სეზონად მიიჩნევა, თუმცა ბრენდის ავტორმა სწორედ ამ პერიოდში ბაზარზე გასვლა შეგნებულად გადაწყვიტა.

"ჩემთვის ეს ზაფხული დასვენების კი არა, იმის დამტკიცების პერიოდი გახდა, რომ თუ პროდუქტი მომხმარებელთან ემოციურ კავშირს ამყარებს და რეალურ პრობლემას აგვარებს, სეზონურობა გადამწყვეტ ფაქტორად აღარ იქცევა".

ბრენდის შექმნის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა GMP სტანდარტების შესაბამისი მწარმოებლის მოძიება იყო. არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდა ბრენდის ისეთი პოზიციონირება, რომელიც შეზღუდული რესურსების მიუხედავად პრემიუმ ხარისხის აღქმას შექმნიდა.

როგორც ლუკა აღნიშნავს, ამ გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა მეგობრების მხარდაჭერას ჰქონდა. ერთმა მათგანმა ბრენდის ვიზუალური კონტენტი შექმნა, მეორემ კი სპეციალურად საიმიჯო ვიდეორგოლისთვის ორიგინალური მუსიკა დაწერა.

"ამან შესაძლებლობა მომცა, ბრენდს პირველივე დღიდან ისეთი სახე ჰქონოდა, როგორიც ჩაფიქრებული მქონდა, მე კი ფოკუსი ოპერაციულ პროცესებსა და გაყიდვების პირველი არხების განვითარებაზე გადამეტანა".

დღეს ყველაზე დიდ მოტივაციას მომხმარებლების უკუკავშირი აძლევს. მისი თქმით, განსაკუთრებული განცდაა, როდესაც ხედავს, რომ პროდუქტი მშობლების ყოველდღიურობას ამარტივებს, ბავშვებისთვის კი ხელის დაბანას სახალისო თამაშად აქცევს.

"სწორედ ეს ხელშესახები შედეგი და წლების წინ დაბადებული იდეის რეალურ ბრენდად ქცევის პროცესი მაძლევს ძალასა და მოტივაციას, მუდმივად წინ ვიარო".

უახლოესი ერთი წლის განმავლობაში მთავარი მიზანია, Soap Surprise მსხვილ სავაჭრო ქსელებში შევიდეს და კიდევ უფრო ფართო მომხმარებლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

პარალელურად, კომპანია აგრძელებს თანამშრომლობას საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რათა ბავშვებში ჰიგიენური ჩვევების ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდანვე უფრო საინტერესო და ბუნებრივ პროცესად აქციოს.

ამასთან ერთად, უკვე მიმდინარეობს მუშაობა ახალ პროდუქტებზე, რომლებიც ბრენდის ძირითად კონცეფციას გააგრძელებს. იდეა უცვლელია, მშობლებისთვის ხარისხი და უსაფრთხოება, ბავშვებისთვის კი აღმოჩენისა და თამაშის სიხარული.

"გვინდა, Soap Surprise ბავშვების ყოველდღიური რუტინის განუყოფელ ნაწილად ვაქციოთ, ბრენდად, სადაც ჯანსაღი ჩვევები და თამაში ერთ მთლიან გამოცდილებად ერთიანდება".