როგორ იქცა 5 127 მარცხი წარმატებად – ჯეიმს დაისონის საიდუმლო
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
წარმოიდგინეთ, რომ ხუთი წელი შეალიეთ შრომას და 5 127 უშედეგო ვერსია შექმენით. სწორედ ეს გააკეთა ციკლონური მტვერსასრუტის გამომგონებელმა, ჯეიმს დაისონმა, სანამ მიზანს მიაღწევდა და მსოფლიოში პირველ უტომრო მტვერსასრუტს შექმნიდა.
მეწარმეობა ზოგჯერ სიგიჟეს ჰგავს, თუმცა დაისონის მოთმინებამ და მტკიცე ნებისყოფამ შედეგი გამოიღო: მისმა კომპანიამ მილიარდები დააგროვა და ინოვაციებით გაითქვა სახელი.
დღეს დაისონის მტვერსასრუტები მსოფლიოს 65-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. როგორც გამომგონებელმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, წარუმატებლობამ ხელი ვერ შეუშალა:
"მარცხი უნდა შეგიყვარდეს და პრობლემების გადაჭრის ჟინად უნდა აქციო. ცხოვრება მოსაგვარებელ ამოცანათა გორაა, მე კი ეს პროცესი მიყვარს".
სწავლა ნიშნავს იმის გააზრებას, რომ ყველა პასუხი არ გაქვს
ჩვენ სწრაფ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ინფორმაციას თითის ერთი დაწკაპუნებით ვიღებთ. ფაქტებს წამებში ვეძებთ და ვიმახსოვრებთ, მაგრამ არის თუ არა ეს რეალური სწავლა? ვიკიპედიიდან მიღებული ცოდნა ექსპერტად არ გვაქცევს.
ჭეშმარიტად სწავლა მარტივი არ არის. ეს არ ნიშნავს, რომ ინტერნეტში ძიება უნდა შევწყვიტოთ, მაგრამ უნდა გავთავისუფლდეთ მცდარი წარმოდგენისგან, თითქოს სწავლა დისკომფორტის გარეშე არსებობს. მარცხი მტკივნეულია, ის ეჭვს ბადებს – საკუთარ ბიზნესში 16-წლიანი გამოცდილებით ეს კარგად გავიაზრე.
მეწარმეობის მთავარი საიდუმლო კი ისაა, რომ მარცხი უნდა შეიყვარო. უნდა გიხაროდეს ძიება, სწავლა და აღმოჩენები. ბუნებაში სეირნობისას ბევრჯერ ამბნევია ბილიკი, მაგრამ სწორი გზის ძიებამ მასწავლა, რომ მიზნამდე მისასვლელი მრავალი გზა არსებობს – ეს გამოცდილება როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში მეხმარება.
გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას ექსპერტებისა და საკუთარი გამოცდილებიდან, რომლებიც დაგეხმარებათ, გახდეთ მარადიული მკვლევარი, რომელსაც არასწორი ნაბიჯის გადადგმის არ ეშინია.
1. აღმოჩენების სურვილის გაღვივება
Harvard Business Review-ს ავტორმა, ჯონ ჰაგელ III-მ შეისწავლა, რა ამოძრავებს ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრება სწავლობენ. როგორც აღმოჩნდა, შიშის ნაცვლად, მათ აღმოჩენების სურვილი ანიჭებთ ზრდის სტიმულს.
"მათ აქვთ გრძელვადიანი მისწრაფება, კონკრეტულ სფეროში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიონ, იქნება ეს წარმოება, ფინანსები, მებაღეობა თუ სერფინგი", – წერს ავტორი.
ჰაგელის აზრით, ეს პოტენციალი ყველაშია: საკმარისია 5-6 წლის ბავშვებს დავაკვირდეთ, რომლებსაც ცნობისმოყვარეობა, ფანტაზია და რისკის სურვილი ბუნებრივად აქვთ.
პრაქტიკაში ამის განხორციელება რთულია, რადგან შეცდომის შიში ღრმად გვაქვს გამჯდარი. თუმცა, თუ შეგნებულად ავირჩევთ ექსპერიმენტებს და ახალი შესაძლებლობების ძიებას, ყველაფერი შეიცვლება.
აღმომჩენის გზა სიუცხოვესთან კომფორტულად ყოფნას ნიშნავს, რადგან მისი ცნობისმოყვარეობა ნებისმიერ შიშზე ძლიერია.
2. არსებული წესრიგის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება
წლების განმავლობაში საკუთარ პროექტებზე მუშაობისას მივხვდი, რას ნიშნავს მიზნის დაუღალავი დევნა: მაგალითად, ჩვენს ერთ-ერთ პროდუქტზე სამი წელი ვიმუშავეთ. ეს ყველაფერი კი ყოველთვის ჩვეული წესრიგის გადაფასებითა და მთავარი კითხვით იწყება: კიდევ რა არის შესაძლებელი? როგორ გავუმარტივოთ მომხმარებელს ცხოვრება?
მკვლევრები, ჰელენ ტაპერი და სარა ელისი გვირჩევენ, სწავლა ყოველდღიურობად ვაქციოთ და რადიკალური კითხვები დავსვათ:
- წარმოიდგინე, რომ 2030 წელია. რა სამი ძირითადი ცვლილება მოხდა შენს ინდუსტრიაში?
- შენი რომელი უნარი გამოგადგება ყველაზე მეტად, კომპანია ზომით რომ გაორმაგდეს?
- ხვალვე რომ გიწევდეს ამ ბიზნესის თავიდან აწყობა, რას შეცვლიდი?
ხელახლა სწავლის მტკივნეული, მაგრამ ზრდის მომტანი პროცესი
დისკომფორტს მხოლოდ მარცხი როდი იწვევს. ზოგჯერ ეს იმ ცვლილებების ბრალია, რომელთა კონტროლიც არ შეგვიძლია. როგორც პანდემიამ დაგვანახა, ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში ყველაფრის თავიდან სწავლამ მოგვიწია: მშობლად ყოფნა იქნებოდა ეს, Zoom-ით კომუნიკაცია თუ მუდმივი კრიზისის ფონზე შენარჩუნებული ენერგია.
თუმცა, მკვლევრების, ტაპერისა და ელისის თქმით, ეს სირთულეები ცუდი როდია.
"ხელახლა სწავლა ნიშნავს იმის გააზრებას, რომ ჩვენი შესაძლებლობების გამოყენების წესები მუდმივად იცვლება, ჩვენი პოტენციალი კი მუდმივი განვითარების პროცესია", – აღნიშნავენ ისინი.
როგორ შევინარჩუნოთ მოქნილობა ცვლილებების მიმართ? პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენიმე რამ დამეხმარა: ყოველი დღის ბოლოს თითოეული პატარა წარმატების აღნიშვნა, იმის კონტროლი, რაც კარგად გამომდის, და მუდმივი მზაობა უკუკავშირის მისაღებად.
წლების განმავლობაში პროტოტიპებზე მუშაობა ჩემთვის მხოლოდ მიზანსწრაფვა არ არის – ეს რწმენის საკითხია. სწორედ ეს რწმენა გვაძლევს გამბედაობას, თავდაჯერებულობასა და იმედს, რომ ყოველგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, წინ ვიაროთ.