ქართველი კონტენტ კრეატორი, რომელმაც გამორჩეული ვიზუალური თხრობით გლობალური პლატფორმა შექმნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღეს სოციალური ქსელები აღარ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება – ეს არის სივრცე, სადაც ერთმანეთს საკუთარ ისტორიებსა და იდეებს ვუზიარებთ. თანამედროვე რეალობაში კონტენტ კრეატორებმა ამ ისტორიების თხრობას ახალი ვიზუალური ენა შესძინეს, რაც ციფრული კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა, უზარმაზარ სივრცეში, სადაც ყოველდღიურად ათასობით ვიდეო თუ ფოტო ვრცელდება, განსაკუთრებულ ყურადღებას ისინი იპყრობენ, რომლებსაც გამორჩეული, სხვებისგან განსხვავებული ხელწერა აქვთ. ამგვარი კონტენტის შექმნითა და გაზიარებით ზოგოერთმა ქართველმა კრეატორმა შეძლო აუდიტორიის შემოკრება არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ მასშტაბზეც.

სტატიაში Entrepreneur სწორედ ერთ-ერთი ასეთი კრეატორის, ანი ტყეშელიაძის შესახებ მოგიყვებათ, რომელიც აუდიტორიას მოგზაურობის ამსახველ ვიდეოებს, ულამაზეს ლანდშაფტებსა და საინტერესო ტურისტულ მიმართულებებს უზიარებს. ანი ტყეშელიაძეს (annitkesh) TikTok-ზე ამჟამად 126 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. მის ვიდეოებს იწონებენ და აზიარებენ მსოფლიოს წამყვანი კრეატორები თუ ვარსკვლავები. მაგალითად, ანის მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი ვიდეო კაილი ჯენერმა გააზიარა.

ამასთან, ვიდეოების კომენტარებში ხშირად შეხვდებით ცნობილი გლობალური მედიაპლატფორმების ოფიციალურ ანგარიშებს, მათ შორის არის National Geographic.

როგორც ხშირად ხდება, ყველაფერი გეგმის გარეშე დაიწყო. 2022 წელს ანიმ TikTok-ზე ანგარიში შექმნა, თუმცა იმ პერიოდში არც კონკრეტული სტრატეგია ჰქონდა და არც პლატფორმას იყენებდა აქტიურად. მნიშვნელოვანი მომენტი 2023 წლის 16 თებერვალს უკავშირდება. ანი იხსენებს, რომ ამ დროს ქუთაისში იყო, სადაც თოვდა. იმ დღეს მთელი დღე ქალაქში სეირნობდა და კადრებს იღებდა. საღამოს, სახლში დაბრუნებულმა გადაღებული მასალისგან ერთი ვიდეო ააწყო და TikTok-ზე გამოაქვეყნა, რამაც დაახლოებით 34 ათასი ნახვა დააგროვა.

"ეს არ იყო ვირუსულად გავრცელების მასშტაბი, თუმცა სწორედ იმ მომენტში პირველად ვიგრძენი, რომ ჩემი გადაღებული კადრები უცხო ადამიანების ინტერესს იწვევდა. მაშინ მივხვდი, რომ ამ პლატფორმას უფრო სერიოზულად უნდა მივდგომოდი. ამის შემდეგ სხვადასხვა ფორმატის კონტენტზე დავიწყე ექსპერიმენტები. ვეძებდი იმ მიმართულებას, რომელიც ყველაზე ბუნებრივად გამოხატავდა ჩემს ხედვასა და ესთეტიკას. საბოლოოდ, სწორედ ამ ძიების პროცესმა ჩამომაყალიბა იმ კონტენტ კრეატორად, როგორიც დღეს ვარ", – ამბობს ანი ტყეშელიაძე.

ანი აღნიშნავს, რომ მისთვის ინსპირაცია არც კონკრეტულ დროს და არც გეოგრაფიულ საზღვრებს არ უკავშირდება. იდეა შეიძლება სრულიად მოულოდნელად დაიბადოს – ყოველდღიურობაში, ბუნებასთან პირისპირ დარჩენისას, ან საკუთარ თავთან მარტო ყოფნისას. ხშირად შემოქმედებითი პროცესი სწორედ წარმოსახვით იწყება, სადაც ის უკვე დასრულებულ კადრებს ხედავს, შემდეგ კი ამ ხედვის რეალურ, ცოცხალ ვიდეოკონტენტად გარდაქმნას ცდილობს.

ვიდეოებზე მუშაობისას ანისთვის მთავარი ის ემოციური კავშირია, რომელსაც აუდიტორიასთან ბუნების სილამაზის ვიზუალური თხრობით ამყარებს. მისი ვიდეოები არ არის მხოლოდ ლამაზი ხედების ამსახველი კადრები – ეს მისი ემოციური მდგომარეობის ანარეკლია:

"ამ პლატფორმაზე ჩემი მთავარი ღირებულება ბუნების მშვენიერების, სიმშვიდისა და ცხოვრების რეალური სილამაზის ჩვენებაა. ვფიქრობ, ეს ხედვა ჩემში ბავშვობიდანვე არსებობს, რადგან პატარა ასაკიდან ბუნებასთან განსაკუთრებით ძლიერი კავშირი მქონდა. დაახლოებით სამ წლამდე საერთოდ არ ვლაპარაკობდი, თუმცა გარემოსთან ურთიერთობა ძალიან მიყვარდა – თითქოს სამყაროსთან კომუნიკაციის საკუთარი ფორმა მქონდა. ეს ჩემი შინაგანი მდგომარეობის გამოვლინებაა, ამიტომ კონტენტიც ბუნებრივად იქმნება. ყველაზე ძვირფასი კი ის კომენტარებია, სადაც ადამიანები წერენ, რომ ვიდეოებიდან ქარი, ნიავი, სუფთა ჰაერი ან სიმშვიდე იგრძნეს. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი კომპლიმენტია, რადგან ნიშნავს, რომ ეკრანის მიღმაც შევძელი იმ ემოციის გადაცემა, რომლის გაზიარებაც თავიდანვე მინდოდა და რასაც თავად ვგრძნობდი იქ ყოფნის მომენტში".

ანის მთავარი პროფესია ფოტოგრაფიაა. ამბობს, რომ იყო პერიოდი, როდესაც საკუთარ თავში ეჭვი ეპარებოდა. თუმცა TikTok-ზე კონტენტის გაზიარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ დანახვაში დაეხმარა, რადგან სწორედ ამ გამოცდილებამ მიიყვანა იქამდე, რომ საბოლოოდ საკუთარი კრეატიული სააგენტო შექმნა.

ანის აუდიტორია დიდი ხანია გასცდა ლოკალურ ფარგლებს. დღეს მისი ვიდეოები ყველაზე ხშირად ამერიკულ For You-ზე ვრცელდება, შესაბამისად, მაყურებლის ძირითად ნაწილს სწორედ ამერიკული აუდიტორია შეადგენს. თუმცა, კონტენტის უნივერსალური, ესთეტიკური ენის წყალობით, მის ვიდეოებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უყურებენ.

ანი ტყეშელიაძის აუდიტორია ყველაზე სწრაფი ტემპით 2025 წლიდან გაიზარდა. ეს სტრატეგიულ გადაწყვეტილებას უკავშირდება – მან კონტენტი სრულად საერთაშორისო აუდიტორიას მოარგო. გლობალური აუდიტორიის მაღალმა ჩართულობამ – კომენტარების, გაზიარებებისა და შენახვების აქტივობამ – პლატფორმის ორგანული ზრდაც თავისთავად განსაზღვრა.

თანამედროვე ციფრულ ეპოქაში სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა: შეიძლება თუ არა კონტენტის შექმნა სტაბილურ და შემოსავლიან პროფესიად იქცეს? ანის აზრით, სოციალური პლატფორმები ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა, თუმცა ამისთვის მხოლოდ კარგი ვიდეოების გადაღება საკმარისი არ არის. აუცილებელია პერსონალური ბრენდის შექმნა, ერთგული აუდიტორიის ჩამოყალიბება და შემოსავლის რამდენიმე დამოუკიდებელი წყაროს განვითარება:

"ჩემს შემთხვევაშიც, კონტენტის შექმნა პროფესიული საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა არ ვარ დამოკიდებული მხოლოდ ერთ პლატფორმაზე. პარალელურად ვმუშაობ ფოტოგრაფიის მიმართულებით, ვთანამშრომლობ საერთაშორისო ბრენდებთან და მაქვს საკუთარი კრეატიული სააგენტო. სწორედ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩემი საქმიანობა უფრო სტაბილური და გრძელვადიანი იყოს. ყველაზე დიდი რისკი ის არის, რომ სოციალური მედია მუდმივად იცვლება, იცვლება ალგორითმები, ტენდენციები და მომხმარებლის ქცევაც. ამიტომ მიმაჩნია, რომ კონტენტ კრეატორის კარიერა მხოლოდ ერთ პლატფორმაზე არ უნდა იყოს აგებული. ძლიერი პერსონალური ბრენდი და მრავალმხრივი გამოცდილება გაცილებით ძლიერ საფუძველს ქმნის, ვიდრე მხოლოდ სოციალური ქსელის ანგარიშების წარმატებული მართვა".

კომერციულ შეთავაზებებსა და ავთენტიკურობას შორის ბალანსის დაცვა ნებისმიერი კრეატორისთვის უმთავრესი გამოწვევაა, რადგან ამ ბალანსის დარღვევამ შესაძლოა აუდიტორიის ნდობის მომენტალური დაკარგვა გამოიწვიოს. ანისთვის აუდიტორიის ნდობა და საკუთარი ესთეტიკის ერთგულება ყოველთვის პირველ ადგილზე დგას:

"შერჩევითად ვთანამშრომლობ ბრენდებთან და მხოლოდ იმ პროექტებს ვიღებ, რომლებიც ბუნებრივად ეხამება ჩემს ვიზუალურ სტილსა და ცხოვრების წესს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სარეკლამო კონტენტი არ აღიქმებოდეს როგორც ცალკე, ხელოვნურად ჩასმული ნაწილი. თუ ბრენდი და პროდუქტი რეალურად შეესაბამება ჩემს ინტერესებს, რეკლამაც ისეთივე ორგანული ხდება, როგორც სხვა ნებისმიერი ვიდეო ჩემს გვერდზე. ვფიქრობ, აუდიტორია ძალიან სწრაფად ამჩნევს, როდესაც კონტენტი მხოლოდ კომერციული მიზნით იქმნება".

ქართული ციფრული ბაზარი ჯერ კიდევ ტრანსფორმაციის პროცესშია. ანის თქმით, საერთაშორისო გამოცდილება მკაფიოდ აჩვენებს იმ აუთვისებელ პოტენციალს, რომელსაც ბრენდები თუ კრეატორები საქართველოში ჯერ კიდევ სიფრთხილით უყურებენ:

"ქართული ბაზრის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ის არის, რომ TikTok ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. ბევრი ბრენდი პლატფორმის შესაძლებლობებს სრულად არ იყენებს და ხშირად ვერ ხედავს, რამდენად დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს სწორად დაგეგმილ და ხარისხიან TikTok კონტენტს. ასევე, ქართულ ბაზარზე ჯერ კიდევ მეტად გავრცელებულია კონტენტის ის ფორმატი, სადაც კრეატორი პირდაპირ ესაუბრება აუდიტორიას და თავად არის მთავარი ფოკუსი. ჩემი მიდგომა განსხვავებულია, ჩემთვის მთავარი აქცენტი ატმოსფეროსა და ემოციაზე კეთდება, ხოლო თავად კადრში ძალიან იშვიათად ვჩანვარ. ეს ფორმატი საერთაშორისო აუდიტორიაზე კარგად მუშაობს, თუმცა საქართველოში ჯერ კიდევ შედარებით ნაკლები მოთხოვნაა. ვფიქრობ, ეს თანდათანობით შეიცვლება. რაც უფრო მეტად დაიწყებენ ბრენდები TikTok-ის სტრატეგიულად გამოყენებას, მით უფრო მეტად გაიზრდება მოთხოვნა სხვადასხვა ტიპის ფორმატზეც".

ქართველი კრეატორების ერთ-ერთ გამოწვევა ლოკალური სივრცის მცირე მასშტაბები და საზღვრებია, რაც აისახება როგორც გამომწერების რაოდენობაზე, ასევე მონეტიზაციაზეც. ანი ტყეშელიაძის შემთხვევა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივად შექმნილმა ვიზუალურმა ენამ მსოფლიო მასშტაბით იპოვოს საკუთარი ნიშა.

"ჩემს შემთხვევაში საქართველოს ფარგლებს გარეთ კონტენტის გატანის ეტაპი უკვე გავლილია. ამ გზაზე ვისწავლე, როგორ მუშაობს საერთაშორისო აუდიტორია, რა ტიპის კონტენტი პოულობს კავშირს სხვადასხვა კულტურის ადამიანთან და რამდენად მნიშვნელოვანია ავთენტიკურობა ვიზუალური ისტორიების შექმნისას. ამ პროცესში იყო რამდენიმე განსაკუთრებული მომენტიც. მაგალითად, National Geographic-ის საერთაშორისო ოფიციალური გვერდის მხრიდან ჩემი კონტენტის მიმართ გამოხატული ინტერესი ძალიან ემოციური იყო. ისინი ხშირად ტოვებენ კომენტარებს ჩემს ვიდეოებზე, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პლატფორმა, რომლის კონტენტიც ყოველთვის დიდ შთაგონებას მაძლევდა. სიმართლე რომ გითხრათ, ამაზე მიოცნებია კიდეც და როდესაც ეს რეალობად იქცა, ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი მომენტი იყო.

ასევე სრულიად მოულოდნელი და განსაკუთრებული გამოცდილება იყო კაილი ჯენერის მიერ ჩემი ვიდეოს გაზიარება, რასაც შემდეგ სხვა საერთაშორისო კრეატორებისა და აუდიტორიის ყურადღებაც მოჰყვა. ვფიქრობ, ამ გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ბევრ ადამიანს აინტერესებს, როგორ შეიძლება საქართველოდან შექმნილი კონტენტის განვითარება საერთაშორისო სივრცეში და როგორ შეიძლება საკუთარი ნიშის პოვნა გლობალურ პლატფორმებზე".

რაც შეეხება ციფრულ მეტრიკებს, ანი ტყეშელიაძის თქმით, ეს ყოველთვის კონკრეტულ მიზანზეა დამოკიდებული, მაგალითად, ცნობადობისთვის ნახვების რაოდენობაა პრიორიტეტული, ხოლო აუდიტორიის ნდობისთვის – ჩართულობა. სწორედ მონაცემების ანალიზმა დაანახა მას მკვეთრი განსხვავება ქართულ და საერთაშორისო აუდიტორიას შორის. მაგალითისთვის, 2023 წელს ქართულ სივრცეში გავრცელებულმა ვიდეომ 126 ათას ნახვაზე მხოლოდ 500 მოწონება და 19 გამომწერი მოიტანა. იმავე პერიოდში, საერთაშორისო აუდიტორიაზე გავრცელებულ ვიდეოს, რომელსაც 264 ათას ნახვა და 38 ათასი მოწონება ჰქონდა, 1,3 ათასი ახალი გამომწერი მოჰყვა. დღეს მონაცემთა ანალიზი ანისთვის სტრატეგიის დახვეწის ინსტრუმენტია, თუმცა მთავარ საზომად მაინც ვიდეოს მიერ გამოწვეული რეალური ემოცია რჩება.

ტრენდებთან ურთიერთობისას ანი ალტერნატიულ გზას ირჩევს. მისი თქმით, კონტენტის კონკრეტულ ვირუსულ ტრენდებზე მორგებას ნაკლებ ყურადღებას უთმობს და მთავარი აქცენტი იმ ვიზუალურ ისტორიაზე კეთდება, რომელთანაც აუდიტორია კავშირს ამყარებს. მისი დაკვირვებით, ისეთი ზოგადი ინსტრუმენტები, როგორებიცაა #fyp და მსგავსი ჰეშთეგები, უკვე ვეღარ განსაზღვრავს ვიდეოს წარმატებას. დღეს გრძელვადიან შედეგს კონტენტის ხარისხი, პირველივე წამებიდან ინტერესის გაღვივება, ავთენტიკურობა და საკუთარი ხელწერის შექმნა განაპირობებს.

დღესდღეობით, უამრავი დამწყები კრეატორი ცდილობს ციფრული სივრცის კონკურენტულ ქაოსში საკუთარი ადგილის დამკვიდრებასა და დიდი აუდიტორიის შემოკრებას. ანი ტყეშელიაძის გამოცდილება კი ნათლად აჩვენებს, რომ როდესაც კონტენტი ნამდვილი, ავთენტიკური და უნიკალური ხელწერის მატარებელია, ის საბოლოოდ იმსახურებს ყურადღებას. ასეთი ვიზუალური თხრობა ბუნებრივად იწვევს ინტერესს და ხშირად გეოგრაფიულ საზღვრებსაც კი სცდება.